24 აპრილი 2024,   13:05
ვრცლად
რუსული სამხედრო აგრესიის შედეგები - იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი უკვე მილიონამდე უკრაინელს მიენიჭა

გაეროს მონაცემებით, პირველი 7 დღის განმავლობაში უკრაინა უკვე დატოვა 836 ათასმა ადამიანმა, აქედან ნახევარზე მეტი პოლონეთშია გადასული. თუმცა მოქალაქეები ქვეყანას ტოვებენ ყველა ევროპული საზღვრიდან: რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი.

დღეს საზღვრებზე ნაკადი შედარებით შემცირებულია, თუმცა ლვოვი კვლავ რჩება საკუთარ სამშობლოდან ლტოლვილად ქცეული ადამიანების ტრაგედიის მთავარ ადგილად.

ზოგიერთ მათგანს საზღვრის გადაკვეთისთვის რიგში დგომა 60 საათიც კი უწევთ. ლვოვი მოფენილია ბანერებით, სადაც რუსულ სამხედრო გემს ცნობილი ერთი ადგილისკენ უშვებენ.

საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის გამო 18-დან 60-წლამდე მამაკაცებს საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებათ, ამიტომ ევროპასთან მოსაზღვრე ქალაქები ახლა ბავშვებისა და ქალების თავშესაფარია.

"კურიერი" სიტუაციას ადგილზე, ლვოვში ეცნობა. დღეს "კურიერის" გადამღები ჯგუფი შეესწრო სიტუაციას, როდესაც ადგილზე სადაც არმიისთვის სასარგებლოდ საქმიანობდნენ, დღეს რუსეთის აგენტი გამოავლინეს.

7 დღიანი რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი უკვე მილიონამდე უკრაინელს მიენიჭა, ამ სტატუსს ძირითადად ქალები და ბავშვები ატარებენ. როდის შეძლებენ საკუთარ სახლებში დაბრუნებას? ან შეძლებენ თუ არა საერთოდ? დახვდებათ თუ არა ოჯახებში კაცები, რომლებიც მშვიდობისთვის ახლა ფრონტის ხაზზე იბრძვიან? ეს - დევნილობაში მყოფი თითოეული უკრაინელის მთავარი და ჯერ პასუხგაუცემელი კითხვებია.

დღის ამბები