25 აპრილი 2024,   09:32
ვრცლად
უკრაინულ ბიოლაბორატორიებში, რუსეთის ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს განხორციელდა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების შემუშავება - მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთის ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს, ბოლოგიური იარაღის კომპონენტების შემუშავება ხდება. ზახაროვას კომენტარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. ზახაროვას თქმით, ამის დამადასტურებელი ფაქტები გამოვლენილი იქნა "უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს":

"ვადასტურებთ, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს გამოვლენილი იქნა სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის კვალის სასწრაფო წაშლის ფაქტები. ამ პროგრამას კიევი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დაფინანსებით ახორციელებდა.

უკრაინის ბიოლოგიური ლაბორატორიების თანამშრომლებისგან 24 თებერვალს მიღებულია დოკუმენტაცია ჭირის, ჯილეხის, ტულარემიის, ქოლერის და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების განსაკუთრებით საშიში პათოგენების სასწრაფო განადგურების შესახებ.

კერძოდ, საუბარია უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მითითებაზე, რომელიც გაგზავნილია ყველა ბიოლოგიურ ლაბორატორიაში საშიში პათოგენების შენახული მარაგების სწრაფ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

ამჟამად მიღებულ დოკუმენტაციას საგულდაგულოდ აანალიზებენ რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების სპეციალისტები.

თუმცა, ახლავე შეიძლება დავასკვნათ, რომ უკრაინულ ბიოლაბორატორიებში, რუსეთის ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს განხორციელდა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტების შემუშავება.

განსაკუთრებით საშიში პათოგენების სასწრაფო განადგურება 24 თებერვალს საჭირო იყო უკრაინისა და შეერთებული შტატების მიერ ბიოლოგიური და ტოქსინის იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციის I მუხლის (BTWC) დარღვევის ფაქტების გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.

ეს ინფორმაცია ადასტურებს ჩვენი პრეტენზიების მართებულობას, რომელიც ჩვენ არაერთხელ გამოგვითქვამს ამ კონვენციის შესრულებაზე, აშშ-ის და მისი მოკავშირეების სამხედრო-ბიოლოგიურ აქტივობებთან დაკავშირებით პოსტსაბჭოთა სივრცეში.

ამის აღმოსაფხვრელად არ გამოვრიცხავთ BTWC-ის V და VI მუხლების მექანიზმების გამოყენებას, რომლის თანახმადაც მონაწილე-სახელმწიფოებმა კონსულტაცია უნდა გაიარონ ერთმანეთთან ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც კონვენციის მიზანს უკავშირდება. ასევე ითანამშრომლოს BTWC-ით ნაკისრი ვალდებულებების შესაძლო დარღვევის გამოძიებაში.

BTWC-ის დებულებების დარღვევით განხორციელებული ბიოლოგიურ-სამხედრო აქტივობების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა გადამწყვეტი ზომების მიღება BTWC რეჟიმის გასაძლიერებლად.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კონვენციის იურიდიულად სავალდებულო პროტოკოლზე მუშაობის განახლებას ეფექტური გადამოწმების მექანიზმით, რომელიც დაბლოკილია აშშ-ს მიერ 2001 წლიდან. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვუწოდებთ შექმნას ღია სამუშაო ჯგუფი BTWC-ის ფარგლებში, რაც შედის მონაწილე სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებში.

კონვენციის ორგანიზაციული საფუძვლების გაძლიერების მიზნით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ინიციატივებს, რომლებიც სარგებლობენ ფართო საერთაშორისო მხარდაჭერით, რათა შეიქმნას მობილური ბიოსამედიცინო ჯგუფები BTWC-ის პლატფორმაზე (ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში დახმარების გაწევისა და  სხვადასხვა წარმოშობის ეპიდემიებთან ბრძოლის მიზნით). ასევე სამეცნიერო საკონსულტაციო კომიტეტის შექმნა (მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ანალიზი და სახელმწიფოებისთვის შესაბამისი რჩევების მიწოდება).

გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მიერ, ყოველწლიურად წარდგენილ ანგარიშებში ნდობის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, შეტანილ იქნას ინფორმაცია საზღვარგარეთ განხორციელებული სამხედრო ბიოლოგიური აქტივობების შესახებ.

მხოლოდ ასეთი კომპლექსური ნაბიჯები მოგვცემს საშუალებას აშშ-ისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ბიოლოგიური აქტივობა პოსტსაბჭოთა სივრცეში, თუ მსოფლიოს სხვა რეგიონებში  მოქცეული იყოს მჭიდრო საერთაშორისო კონტოლის ქვეშ  და უზრუნველყოფილი იყოს BTWC წევრი ქვეყნების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გადამოწმება," - აცხადებს ზახაროვა.

რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ეს განცხადება გააკეთა იმ ფონზე, როდესაც უკვე 12 დღეა უკრაინა რუსეთის სამხედრო აგრესიას იგერიებს. უკრაინაში წარმოებული ომის გამო კი მსოფლიომ რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესა. 

დღის ამბები