18 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
რას ნიშნავს "NATO-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის" სტატუსი და რა უპირატესობას მისცემს საქართველოს, მიღების შემთხვევაში

ამერიკის შეერთებულ შტატებს მთავარი, NATO-ს არაწევრი მოკავშირის სტატუსი, დაახლოებით ორი ათეული სახელმწიფოსთვის აქვს მინიჭებული და მათ შორის არიან ისრაელი, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ფილიპინები, არგენტინა, ქუვეითი და სხვები. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც აშშ-ის მეგობრები არიან, თუმცა, ალიანსში არ იმყოფებიან და არც შესვლის გეგმა აქვთ.

ეს სტატუსი ქვეყნებს აძლევს უფრო ფართო და გამარტივებულ წვდომას ამერიკის შეიარაღებასთან, ერთობლივ კვლევებს და პროექტებს თავდაცვით საშუალებებთან დაკავშირებით, უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ფინანსურ დახმარებასა და სხვა სარგებელს. თუმცა, ამ სტატუსის მიხედვით, არ არის გაწერილი კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებები, როგორიცაა ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მეხუთე მუხლში.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, თუმცა მაგიდიდან არ უნდა ჩამოვიდეს NATO-ში გაწევრიანების საკითხი, მითუმეტეს, რომ ალიანსს ვალდებულება აქვს აღებული, რომ უკრაინა და საქართველო NATO-წევრები გახდებიან. ბუქარესტის სამიტის შემდეგ 14 წელი გადის, თუმცა, საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმა ისევ არ მიუღია. NATO-ს გაფართოება საკმაოდ რთული პერსპექტივაა და, როგორც ჩანს, კონგრესში გადაწყვიტეს, რომ შუალედურ ვარიანტად ეს აუცილებელია, რადგან შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების კუთხით უფრო მჭიდრო თანამშრომლობა იყოს.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ერთგვარი კომპრომისი არასაკმარის ქმედებასა და NATO-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას შორის, რაც ამ დროისთვის შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ ჰელსინკის კომისიაში წევრები კონგრესის ორივე პალატიდან და ორივე პარტიიდან შედიან. ბენ კარდინი, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს, საქართველოს საკითხის წამოწევას მუდმივად ცდილობს. სწორედ რამდენიმე დღის წინ, როდესაც საგარეო კომიტეტში სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვიქტორია ნულანდი იყო მისული, ის ეკითხებოდა საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ამერიკულ დახმარებაზე, ინტერესდებოდა, რას აკეთებს აშშ იმისთვის, რომ საქართველომ და მოლდოვამ თავი დაიცვან, თუკი რუსეთი აგრესიას ამ ქვეყნებშიც გააგრძელებს.

დღის ამბები