25 აპრილი 2024,   05:33
ვრცლად
როგორ ხედავს პრეზიდენტი პოლიტიკური ძალების გაერთიანების პერსპექტივას - მორატორიუმი სიძულვილის ენაზე და უსაფრთხოების საბჭოს შექმნა

პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან პრეზიდენტმა პოლიტიკური ძალების გაერთიანების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ახალ გამოწვევებთან და პრობლემებთან გასამკლავებლად, სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს სწორედ პოლიტიკურად დაპირისპირებული მხარეების ერთიანობაში ხედავს. ამ მიმართულებით გადაუდგმელმა ნაბიჯებმა კი, პრეზიდენტის კრიტიკის ადრესატები დღეს ოპოზიციასთან ერთად, მმართველ გუნდიც გახადა.

პრეზიდენტის საპასუხოდ, საპარლამენტო ტრიბუნიდან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ყველა ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ჩამოთვალა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად პარტნიორებთან ერთად შემუშავდა.

სახელისუფლებო გუნდის შემდეგ, პრეზიდენტმა ოპოზიციაც გააკრიტიკა და ის კონკრეტული მაგალითები შეახსენა, რომლებიც, მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს.

კრიტიკას ადრესატები სხდომათა დარბაზშივე გამოეხმაურნენ. სალომე ზურაბიშვილის შემდეგ ტრიბუნა ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა დაიკავეს.

პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილები იმ გამონაკლისებს შორის აღმოჩნდა, როდესაც ოპონენტებმა ზურაბიშვილის შენიშვნები გაიზიარეს.

პრეზიდენტის ანგარიშში უფრო მეტ საკითხზე მსჯელობას ისურვებდნენ მმართველ პარტიაში. გარკვეული მიმართულებით სალომე ზურაბიშვილის პოზიციები სახელისუფლებო გუნდს დღეს დააკლდა.

ვიდრე ტრიბუნიდან უკრაინელ კოლეგას მიმართავდა, სალომე ზურაბიშვილი სხდომათა დარბაზში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად შევიდა. სიტყვით გამოსვლამდე იყო ვიდეორგოლი - უკრაინის ჰიმნის თანხლებით.

უკრაინელ ხალხს და საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, მხარდაჭერა და სოლიდარობა, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამდე გამოუცხადა, ომში დაღუპულებს კი დარბაზში პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

დღის ამბები