20 აპრილი 2024,   13:49
ვრცლად
მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ასეულობით ადამიანი აფარებდა, დაიბომბა - უკრაინის დაბომბილი ქალაქები "კურიერის" ობიექტივში

ომის დაწყებიდან 21-ე დღეს, გადაადგილება კიევის ქუჩებში მხოლოდ სპეციალური საშვებით არის შესაძლებელი. საერთაშორისო მედია ცარიელ ქალაქს სასტუმროების აივნებიდან ადევნებს თვალს და ყველაზე ცხელი წერტილის ისტორიას ასე გადმოსცემს.

შეზღუდვები ხვალ დილამდე გაგრძელდება, მანამდე კი მოსახლეობას გადაადგილების უფლება არ აქვს. ყველა მოქმედებას ქალაქში სამხედროები აკონტროლებენ, კიევის ქუჩებში 1500-მდე საგუშაგოა დამონტაჟებული. საფრთხის მოლოდინისა და გამკაცრებული წესების გამო, დღეს მოსახლეობის ევაკუაციაც ვერ განხორციელდა.

გამთენიისას დაიბომბა დედაქალაქის გარეუბანი. შევჩენკოს რაიონში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. მოსახლეობა ძლიერმა აფეთქებამ პანიკაში ჩააგდო, მათი ევაკუაცია სამაშველო ტექნიკის დახმარებით მოხდა. ადგილობრივები არ ტოვებენ შინაურ ცხოველებსაც. ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანა განსაკუთრებით გართულდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მანქანები და ქუჩის ინფრასტრუქტურაც. სარაკეტო დარტყმა 3-ჯერ განმეორდა ლუკიანოვკას ციხესთან, ჩამსხვრეულია მინები. პატიმრები ევაკუაციას ითხოვენ.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა მარიუპოლში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში, სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა. გარდაცვლილებსა და დაჭრილებს შორის ბავშვებიც არიან. ადგილობრივ სამედიცინო პუნქტებს ადგილები აღარ ყოფნით. რუსული ჯარი საპორტო ქალაქის ბლოკირებას დასავლეთ და აღმოსავლეთ მხრიდან ცდილობს.

ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან მარიუპოლის ინტენსიური მკურნალობის რეგიონული საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები. დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, კლინიკის დატოვება შეუძლებელია და საავადმყოფოს სარდაფში ტყვედ 400-0ზე მეტი ადამიანი ჰყავთ.

ტყვეები ჰყავთ ბუჩაშიც. დღეს საოკუპაციო ძალებმა ქალაქი საკრებულოს შენობა აიღეს, თანამშრომლები და მოხალისეები კი მძევლად აიყვანეს.

მძიმე ღამის შემდეგ საჰაერო თავდასხმა, დღის განმავლობაში განმეორდა ხარკოვში. რუსულმა ჯარმა, კიდევ ერთი სავაჭრო ობიექტი ააფეთქა. დაბომბილია ქალაქის გარეუბნებიც. მიწასთან არის გასწორებული ხარკოვის ისტორიული ცენტრი.

გვიან ღამით, სარაკეტო იერიშისა და აფეთქებების ხმა იყო ლუგანსკის ოლქში. სხვადასხვა ქალაქებში ათობით საცხოვრებელი სახლი მიწასთან გაასწორეს. რუბეჟნოეში დაიღუპა ერთი და დაშავდა 9 პირი, მათ შორის ბავშვი. ადგილობრივებს დღეს პურის რიგში ცეცხლი გაუხსნეს ჩერნოგოვიეშიც. დაღუპულია 10 ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით დაიბომბა მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ასეულობით ადამიანი აფარებდა.  მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

დღის ამბები