25 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
რუსული ხომალდები ოდესის სანაპიროსთან უკვე აღარ ჩანან - რა ვითარებაა უკრაინის სამხრეთ ნაწილში

ოდესის ოლქში დღეს ძლიერი ქარი და ზღვაზე შტორმი იყო, სავარაუდოდ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსული ხომალდები ოდესის სანაპიროსთან უკვე აღარ ჩანან და მანევრირება კვლავ ანექსირებული ყირიმის მიმართულებით დაიწყეს.

გუშინ რუსულმა გამანადგურებელმა სუ-30-მა ოდესის საჰაერო სივრცეში ყველაზე ახლოს მოახერხა შეღწევა, თუმცა უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ მისი ჩამოგდება შეძლო. მფრინავმა კატაპულტირება შეძლო. თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ის მეორე თვითმფრინავმა ზღვაშივე ჩაცხრილა, რათა უკრაინელებს ტყვედ ცოცხალი არ ჩავარდნოდა. ამის შემდეგ სივრცის დატოვებას მეორე თვითმფრინავი შეეცადა, თუმცა უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ ისიც ჩამოაგდო.

ოდესის ოლქში დღეს საჰაერო განგაშის სიგნალი სულ ორჯერ ჩაირთო. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი მაქსიმ მარჩენკო ამბობს, რომ ოდესა მზადაა თავდაცვისთვის.

ამ დროისთვის მშვიდი სიტუაციაა, როგორც მიკოლაევის ოლქში, ასევე ქალაქ მიკოლაევშიც. ოლქის გუბერნატორი ვიტალი კიმი მორიგ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ საოკუპაციო ძალებმა უკან დაიხიეს ქალაქ მიკოლაევიდან, ისინი პირდაპირ კონტაქტზე აღარ გამოდიან, ძირითადად იმალებიან, თუმცა როგორც ვიტალი კიმი ამბობს, ისინი ყველას იპოვიან და გაანადგურებენ. ოლქის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჰუმანიტარული დახმარებაზე და თქვა, რომ მთელი სიმკაცრით დაისჯება ყველა ის პირი, რომელიც სარგებლობს არსებული სიტუაციით და დახმარებას იპარავს. მისი თქმით, ხვალინდელი დღიდან უკვე მკაცრად გაკონტროლდება, როგორც ქალაქში გადაადგილება, ასევე ალკოჰოლის მოხმარებაც, რომელზეც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე შეზღუდვები დააწესა.

რაც შეეხება ხერსონის ოლქს, ხერსონთან მდებარე სამხედრო აეროდრომს უკრაინულმა არტილერიამ რამდენჯერმე შეუტია. დაიწვა 4 უახლესი რუსული ვერტმფრენი k-52 ტიპის. დღეს დილით ადგილზე კვლავ შევიდა საოკუპაციო ძალის ტექნიკა, თუმცა უკრაინულმა არტილერიამ მისი განადგურებაც შეძლო. უკრაინული მხარე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ აეროდრომის ასაფრენი ბილიკი ფაქტობრივად მთლიანად განადგურებულია და მას ვეღარ გამოიყენებენ რუსული საოკუპაციო ძალები.

მძიმე ვითარებაა მარიუპოლშიც. გარდა სამხედრო მოქმედებებისა, მოსახლეობის მდგომარეობას ართულებს ისიც რომ გათიშულია ელექტროენერგია და ვერ ხერხდება მოქალაქეებთან დაკავშირება.

დღის ამბები