20 აპრილი 2024,   15:45
ვრცლად
ომის 27-ე დღე და განგაში უკრაინის თითქმის ყველა რეგიონში - ცოტა ხნის წინ რუსეთმა კიდევ ერთი იერიში მიიტანა კიევზე

ომის 27-ე დღე. ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, რუსეთი ისევ ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, თუმცა წინსვლა არცერთ მიმართულებაზე არ აქვს.

უკრაინელებმა დღეს კონტროლი დაიბრუნეს კიევიდან 70 კილომეტრში მდებარე მაკარივზე, სადაც კვლავ უკრაინული დროშა ფრიალებს. რთული მდგომარეობაა დედაქალაქთან მდებარე კიდევ ერთ დასახლებაში - ბორისპოლში, სადაც, ამ წუთებში, ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.

მეოთხე კვირაა, სასტიკად იბომბება დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვიც. რუსეთს მცდელობა აქვს, რომ ის მეორე მარიუპოლად აქციოს.

მარიუპოლს კი, რომელიც უკვე მიწასთან არის გასწორებული, რუსებმა წუხელ კიდევ რამდენიმე ბომბი ესროლეს.

დაცხრილულია მიკოლაივის პორტი, ხერსონში რუსული არმია ისეც ცეცხლს უხსნის მშვიდობიან მოქალაქეებს.

მხოლოდ ხარკოვის მიმართულებით, გასულ ღამეს რუსებმა 84 ჭურვი გაისროლეს. დილის 5 საათზე კი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ქალაქის თავზე რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.

ისევ რჩება საფრთხე ბელარუსის მხრიდან, სადაც საზღვართან 15 ათასი ჯარისკაცია მობილიზებული.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა კიდევ ერთი იერიში მიიტანა კიევზე. დაბომბილია დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ობოლონის რაიონი, რომელიც ინდუსტრიული ზონაა და სადაც არაერთი ქარხანა მდებარეობს. დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ერთ სატვირთო მანქანას და ორ შენობას. ხანძარი, ამ დროისთვის, ლიკვიდირებულია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

დღის ამბები