25 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია - ენტონი ბლინკენის განმარტება ჯო ბაიდენის განცხადებაზე

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს რუსეთში რეჟიმის შეცვლის სტრატეგია - ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა განაცხადა. განმარტება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯო ბაიდენის გუშინდელ განცხადებაზე გააკეთა. თეთრი სახლის ლიდერმა უმწვავესი გზავნილები პოლონეთიდან გააჟღერა, მან პირველად თქვა, რომ პუტინის ხელისუფლებაში დარჩენა არ შეიძლება. ენტონი ბლინკენს ჯო ბაიდენის განცხადებაზე დამატებითი განმარტებების გაკეთება ისრაელში ვიზიტისას მოუწია.

"შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა აიღეს ვალდებულება, რომ უზრუნველყონ უკრაინა სამხედრო დახმარებით, რომელიც მას სჭირდება თვითმფრინავებისა და ტანკების თავდასხმისგან დასაცავად. დიდი შვიდეულის და ევროკავშირის შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით გავზარდოთ სანქციები მათზე, ვინც პასუხისმგებელია უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ გაუმართლებელ აგრესიაზე და გავაძლიეროთ მათი აღსრულება. ჩვენ გამოვაცხადეთ ინოვაციური ინიციატივა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის, რათა შემცირდეს ევროპის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე. კრემლის აგრესიული მოქმედებების შედეგებს მხოლოდ უკრაინელი და რუსი ხალხი არ გრძნობს. გუშინ პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა აღნიშნეს, რომ ვლადიმირ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება, რომ აწარმოოს ომი ან ჩაერთოს აგრესიაში უკრაინის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება რუსეთის მოსახლეობას და ეს არის რუსი ხალხის გადასაწყვეტი," - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე გააკეთა განცხადებისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდიმაც.

"ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას წარვუდგინეთ, თუ რას და როგორ ვაკეთებთ, რათა იმის მიუხედავად, რომ ისრაელს სანქციების ყოვლისმომცველი კანონპროექტი არ აქვს, მოვახერხოთ, ვიყოთ გლობალური ძალისხმევის ნაწილი, ომის სანქციების მეშვეობით შეჩერების კუთხით. ვფიქრობ ეჭვი არავის ეპარება, რომ ისრაელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ ძალისხმევის ნაწილი იყოს," - აცხადებს იაირ ლაპიდი.

 
დღის ამბები