25 აპრილი 2024,   05:12
ვრცლად
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებამ ქართული პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა - არამეგობრული და არაგონივრული, ასეთია დანილოვის ინიციატივის შეფასება თბილისიდან

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მოულოდნელმა განცხადებამ ქართული პოლიტიკური სპექტრი გააერთიანა. ალექსეი დანილოვს თბილისიდან ერთხმად უთხრეს, რომ მისი პოზიცია თუ მოწოდება არ ჯდება არც მორალურ და არც სამართლებრივ საზღვრებში. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა სატელევიზიო ინტერვიუში ღიად თქვა, რომ ახლა კიევს მეორე ფრონტის გახსნა დაეხმარება და თუ საქართველო და მოლდოვა საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, რუსეთს სხვა საქმეც გამოუჩნდება. დანილოვს უთხრეს, რომ საქართველოს საკუთარი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზა აქვს არჩეული. 

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, განცხადება შეიცავს მოწოდებას, რომ ქვეყანა საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, რაც დაუშვებელია. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ საქართველოს აქვს გაცხადებული მშვიდობიანი პოლიტიკა და ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს.

ალექსეი დანილოვის პოზიცია მიუღებელია მმართველი გუნდის ოპონენტებისთვისაც. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ განცხადება თავისი შინაარსით არამეგობრული და არაგონივრულია. მათი განმარტებით, ყველა არსებული პრობლემა მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.

განცხადების შინაარსი არ მოეწონათ "ნაციონალურ მოძრაობაშიც", თუმცა ამბობენ, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან პოლიტიკის წარმოება არასწორია. მათივე განმარტებით, ემოციურ ფონზე დაფიქსირებული პოზიცია სწორად უნდა ყოფილიყო აღქმული.

ფაქტს "ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. ნიკოლოზ სამხარაძე სვამს კითხვას, მართლა მოუწოდებს თუ არა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ. 

სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და დანილოვის გზავნილები შეაფასა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემაც.

დნეტრისპირეთსა და საქართველოზე ალექსი დანილოვმა ერთ-ერთ უკრაინულ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც დანილოვი აცხადებს, თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას. 

დღის ამბები