25 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ხვალ განახლდება - ომის ბედზე დიალოგს დელეგაციების წარმომადგენლები ამჯერად ონლაინ ფორმატში განაახლებენ

სტამბოლის მოლაპარაკებებს გაგრძელება ხვალ ექნება - მედიას ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის ხემძღვანელმა დავით არახამიამ უთხრა.

ომის ბედზე დიალოგს, დელეგაციების წარმომადგენლები ამჯერად ონლაინ ფორმატში განაახლებენ. უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირისთვის უკვე მზად იქნება შეთანხმების პროექტი, რომელიც ზელენსკისა და პუტინს ერთი მაგიდის გარეშემო, ერთმანეთის პირისპირ დასვამს. არახამიამ მოწინააღმდეგეს ისიც შეახსენა, რომ მისი ქვეყნის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით რეფერენდუმის გამართვას ერთი წელი დასჭირდება.

სტამბოლის ისტორიულ სასახლეში გამართულმა მოლაპარაკებებმა, ომის დასასრულის დასაწყისისთვის საფუძველი ორი დღის წინ გააჩინა. ვოლოდიმირ ზელენსკი სკეპტიკურად არის განწყობილი და არც ერთი რუსული სიტყვის არ სჯერა. უკრაინის მეექვსე პრეზიდენტმა პუტინს დღესაც უთხრა, რომ მშვიდობა ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე არ იქნება.

თურქეთში მიღებული გზავნილები მოსკოვში უკვე ჩატანილია, თუმცა პუტინს ახალი არაფერი უთქვამს. ძველი ის არის, რომ ცეცხლის შეწყვეტას ჯერ არ აპირებს. აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტი სატელეფონო საუბრებში მსოფლიო ლიდერებს არწმუნებს, რომ სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად ნიადაგი ჯერ არ მომზადებულა.

ლიდერისგან განსხვავებით, უფრო მკაფიო პოზიცია აქვს სერგეი ლავროვს. დიპლომატი სტამბოლის სამშვიდობო დიალოგში წინსვლას ხედავს. რუსულ დიპლომატიაზე სერგეი ლავროვმა ჩინეთიდან ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, კიევის მიერ უკრაინის არაბირთვული და უბლოკო სტატუსის დადასტურება პროგრესია. ლავროვს მიაჩნია, რომ ყირიმისა და დონბასის საკითხი სამშვიდობო დიალოგმა უკვე გადაწყვიტა.

სტამბოლის მოლაპარაკების შედეგად, რუსეთმა ტანკები უნდა გაიყვანოს კიევიდან და ჩერნოგოვიდან, თანხმობაა ევროკავშირზე და უარია ნატოზე. სანაცვლოდ, უკრაინა სხვა სახის თავდაცვით მექანიზმს მოითხოვს. სავარაუდოდ, რუსეთმა მოთხოვნების სიიდან გააუქმა დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის მოთხოვნა, ასევე რუსული ენის სტატუსის საკითხი. ყირიმი კი შესაძლოა 15 წლიან სასაუბრო თემად გადაიქცეს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი ამ საკითხს დათანხმდეს. კრემლის მშვიდობიანი ნაბიჯების არ სჯერა არც სტოლტენბერგს.

ჯო ბაიდენი ისეთი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს - ასეთია თეთრი სახლის პოზიცია. შესაბამისად ამ თემაზე სასაუბროდ ჯერ მზად არ არის ოფიციალური ვაშინგტონი. დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მთავრობების წარმომადგენლებმა უკვე ღიად განაცხადეს, რომ განიხილავენ გახდნენ უკრაინის გარანტორი ქვეყნები უსაფრთხოების საკითხებში. თანახმაა თურქეთიც, თუმცა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა ისიც, რომ ოფიციალური ანკარა ომში ჩართვას გამორიცხავს.

დღის ამბები