23 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
ბევრი მტერი და ვითომ მეგობარი ჩვენგან ითხოვს ფსევდოაქტიურობას, რომელიც უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ მეორეს მხრივ აქტიურობა და გარკვეული იდეებიც საჭიროა - მამუკა არეშიძე

კონფლიქტოლოგი, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ რეგიონში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს მთავრობას მართებს მეტი ინიციატივები გამოიჩინოს, რათა ქართული მხარის პოზიცია უფრო მკაფიო გახდეს.

"პროცესები მიდის ძალიან სწრაფად, ერთმანეთზეა ყველაფერი დამოკიდებული, კაცმა არ იცის გაეხსნება რუსეთს ახალი ფრონტი. ახლა, ამ სიტუაციაში ვერ მიღწევა შედეგისა უკრაინის ტერიტორიაზე არის ნომერ პირველი, ძალიან სერიოზულ კატაკლიზმებს გამოიწვევს თვითონ რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი არის პროპაგანდით გამოთაყვანებული, ამის მიუხედავად მაინც უცებ შეუძლიათ მათ გადაწყობა და სერიოზული პრეტენზიების წაყენება. რუსებს ასეთი ხასიათი აქვთ, ადამიანები არასოდეს არ აპატიებენ უაზრო მსხვერპლს, გამარჯვების შემთხვევაში ნებისმიერი მსხვერპლი დავიწყებული იქნება.

საქართველოს მთავრობას მართებს ინიციატივები. ერთ-ერთი ესეთი ინიცატივა გამოთქვა საშა რუსეცკიმ, გუამის შეკრება, შეიძლება ეს საკამათო იყოს, მაგრამ საინტერესო იდეაა ნამდვილად. ინიციატივების გარეშე ძალიან გაგვიჭირდება ამ ვითარებაში საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, საკუთარი მე-ს თქმა. მე მესმის, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ვხედავთ, რომ მრავალი მხრიდან არის შეტევა და ზეწოლა საქართველოზე. ძალიან  ბევრი მტერი და ვითომ მეგობარი ჩვენგან ითხოვს ფსევდოაქტიურობას, რომელიც უშედეგოდ დასრულდება. მაგრამ მეორეს მხრივ აქტიურობაც საჭიროა და ინიციატივების გარკვეული გამოვლენა, თუნდაც რეგიონალური მასშტაბით, თუნდაც პოლიტიკური ალიანსების მასშტაბით. მოკლედ გვჭირდება აქტიურობა, იდეები, დიპლომატიური შეხვედრები და მხარდაჭერების უფრო აქტიური ძებნა," - განაცხადა არეშიძემ "კურიერთან" საუბრისას.

დღის ამბები