23 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
ირმა ზავრადაშვილი: ჩემი სურვილია, ვიყო ამ საარჩევნო უბანზე და დავაკვირდე, როგორ აშავებთ, თქვენი მე-5 კოლონის პარტია და პარტიული ტელევიზიები

"საარჩევნო კანონმდებლობით სიების ქონის უფლება აქვს ყველას, ყველა პარტიას. "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, რა თქმა უნდა, მე არც ზეწოლას ვახდენ, არც აგიტაციას ვეწევი, არც სიმბოლიკით არ ვარ დატვირთული," - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა ირმა ზავრადაშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის კითხვაზე, თუ რატომ იყო ბათუმში ჩასული.

როგორც ზავრადაშვილმა განაცხადა, მისი სურვილია დააკვირდეს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს რას აშავებს მე-5 კოლონის პარტია. 

"ჩემი სურვილია, რომ ვიყო ამ საარჩევნო უბანზე და დავაკვირდე როგორ აშავებთ, თქვენი მე-5 კოლონის პარტია და პარტიული ტელევიზიები, მაგიტომ ვარ აქ,"- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, რუსთავსა და გარდაბნის რამდენიმე სოფელში შუალედური არჩევნები ტარდება. რუსთავი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს. ბათუმი კი საკრებულოს ერთ დეპუტატს.

ბათუმი საკრებულოს ერთ დეპუტატს ირჩევს. შუალედური არჩევნებისთვის ბათუმის ოლქში 14 საარჩევნო უბანია გახსნილი. ბათუმში შუალედური არჩევნების მოსაგებად ორი კონკურენტი კანდიდატი - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობა" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნება" იბრძვის.

ბათუმში არჩევნები საკრებულოს გონიო-კვარიათის მაჟორიტარი კანდიდატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო ტარდება.

დღის ამბები