20 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, ჰააგაში იმყოფება

საქართველოს გენერალური პროკურატურის დელეგაცია გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში იმყოფება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი შოთაძემ შეხვედრა გამართა EUROJUST-ის პრეზიდენტთან ლადისლავ ჰამრანთან და EUROJUST-ის ოფისის სხვა წარმომადგენლებთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე, გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, გენერალური ინსპექციის უფროსი თეიმურაზ ნაჭყებია და EUROJUST-ში საქართველოს მეკავშირე პროკურორი გიორგი გოგაძე.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მხარეებმა, საქართველოს პროკურატურასა და EUROJUST-ს შორის ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ერთობლივ ღონისძიებებზე, მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო EUROJUST-ის არხებს პარტნიორ ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობისათვის 2015 წლიდან იყენებს, ხოლო მას შემდეგ, რაც 2019 წელს საქართველოსა და EUROJUST-ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულება და საქართველომ მუდმივი მეკავშირე პროკურორი მიავლინა ხსენებულ სააგენტოში, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური და მრავალმხრივი გახდა.

საქართველოს პროკურატურა, როგორც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების საგამოძიებო ორგანოების პარტნიორი უწყება, მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას EUROJUST-თან, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში, ასევე ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფებში მონაწილეობის გზით, რათა საერთაშორისო თანამშრომლობა ქვეყნებს შორის კიდევ უფრო წარმატებულად წარიმართოს.

ამასთან, გარდა EUROJUST-ში ვიზიტისა, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტთან ჩოელ კიუ ვანგთან, რა დროსაც მხარეებმა 2022 წლის 25-29 სექტემბერს ქალაქ თბილისში დაგეგმილი მსოფლიო პროკურორთა 27-ე კონფერენციის საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

დღის ამბები