პრორუსული პარტიის, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტი მოსკოვში - ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი, რუსეთის ფედერალური საბჭოს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ვლადიმირ ჯაბანოვს და ამავე კომიტეტის წევრს, მიხეილ სინიცინს შეხვდნენ.
ირმა ინაშვილმა "კურიერს" განუცხადა, რომ დიალოგი და საუბარი არანაირად არ არის მოღალატეობა ეს არის შენი სამშობლოს დაცვა:
"ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინას ტრაგედია საქართველოზე არ გადმოვიდეს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის განცხადებები ზელენსკის მთავრობის მხრიდან, ეს განცხადებები კი მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი მცდელობაა საქართველო ომში ჩაითრიონ. ომის პირობებშიც, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ელაპარაკებიან. ჩვენ ვხედავთ შოლცი რამდენჯერ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ასევე ვხედავთ თუ როგორ აქტიურობს მაკრონი. საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიად და სწორად. როდესაც არის ომი, მას ყოველგვარი სიმძიმე ახლავს თან. ომის სიმძიმე საუბედუროდ ყოველთვის მოსახლეობას ეხება. დიალოგი და საუბარი არანაირად არ არის მოღალატეობა ეს არის შენი სამშობლოს დაცვა,"- აცხადებს საქართველოს "პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი.
"პატრიოტთა ალიანსი" იტყვის ახლა ჟირინოვსკის პანაშვიდზე ვართ ჩასულებიო, მაგრამ არ დაიჯერებს ამას არავინ. ესენი იმისთვის ჩავიდნენ რუსეთში, რომ რუსები საქართველოში შემოიპატიჟონ. ყოველთვის დადიოდნენ თუ დაეთრეოდნენ ეგენი მოსკოვში, მაგრამ იმ სიარულსა და ამ ჩასვლას შორის, სხვაობა ძალიან დიდია. თავად ეს მცდელობა შევა როგორც სამარცხვინო ლაქა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების ისტორიაში, მათ შორის "ქართული ოცნების" ხელისუფლებისათვის იქნება ეს შავი ლაქა. დაგმოს პრემიერმა ეს ფაქტი,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე.
ოპოზიციის სხვა ნაწილში კი თვლიან, რომ უკრაინაში მიმდინარე ამბების ფონზე რუსეთთან ლაპარაკი, მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს.
"პატრიოტთა ალიანსის" მოსკოვში ვიზიტი უნდა განვიხილოთ, შაჰაბასის მიერ კახეთიდან მოსახლეობის გადასახლების შემდეგ, კეთილმეგობრობაზე რომ ჩასულიყო შაჰაბასთან ქართული დელეგაცია. მსგავსი უზნეობა და არის ის, რასაც ეგენი აკეთებენ დღეს. უკრაინაში მიმდინარე ამბების ფონზე რუსეთთან ლაპარაკი, მტერთან კოლაბორაციას ნიშნავს,"- აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების რუსეთში ვიზიტს გმობენ მმართველ გუნდშიც:
"ოპოზიციური სპექტრის ნაწილია დღეს ის ადამიანი, რომელიც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ პუტინთან ერთად იდგა "პაკლონაია გარაზე" დასაგმობია ისიც და ასევე დასაგმობია, რა თქმა უნდა, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების რუსეთში ვიზიტიც, ამ პოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც შენ ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიხარ, რომელიც პარალელურად შენს მეგობარ ქვეყანაში სამხედრო აგრესიას ახორციელებს,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.