საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადადის.
კითხვარის შინაარსი ეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომლის დადებითი შეფასება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა უნდა გახდეს. ევროკავშირის კითხვარს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ ჯგუფებში:
"ევროკავშირში ჩვენი წევრობა გადის სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებასა და სამართლიან ხელისუფლებაზე. ხელისუფლება კი, რომელიც იგნორირებს ყველა იმ ფასეულობას, რომელსაც ევროკავშირი იზიარებს, სამწუხაროდ იქნება შემაფერხებელი ნაბიჯი ამ გზაზე,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი რომან გოცირიძე.
ოპოზიციაში ასევე აცხადებენ, რომ კითხვარის შევსების, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება.
"საქართველოსთვის არავინ არ აპირებს დათვურ სამსახურს და შეღავათების გაწევას დემოკრატიის მიმართულებით. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს მთელი მიმართულებით აქვს გასატარებელი რეფორმები. ასოცირების ხელშეკრულების 30%-ია მხოლოდ შესრულებული. ამ პროცესში "ქართული ოცნება" არ დავტოვოთ მარტო, რადგან ხიფათი და რისკია - თუ მათ არჩევანი ექნებათ დემოკრატიული რეფორმებით ძალაუფლების დაკარგვასა თუ ევროპულ ინტეგრაციაში, ისინი, რა თქმა უნდა, უარს იტყვიან ევროპულ ინტეგრაციაზე. რეფორმების არშესრულების გამო თუ უარს გვეტყვინ, ეს არ დავაბრალოთ დასავლეთს და პასუხისმგებლობა აიღოს "ქართულმა ოცნებამ" - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საქართველო მთელი თავისი ცხოვრებით, უკვე არის პრაქტიკულად თავსებადი ევროკავშირთან:
"ევროკავშირმა ძალიან კარგად იცის ის პასუხები, რომელსაც ჩვენ გავცემთ იმ კითხვებზე, რომელიც დღეს მათგან მოვა. ძალიან ბევრი წელია ევროკავშირმა ზუსტად იცის როგორ მიმდინარეობს საქართველოში რეფორმები, რა წარმატებები არსებობს. მათი შეფასებაა, რომ საქართველო უკვე არის პრაქტიკულად თავსებადი ევროკავშირთან, მთელი თავისი ცხოვრებით, ინსტიტუტებით, პროცესებით, რეგიონი არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე ამის გამკლავებით,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.