საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით კითხვარი დღეს გადაეცემა. საგარეო საქმეთა მინისტრს დაახლოებით ერთ საათში კითხვარს ლუქსემბურგში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პირადად გადასცემს, რომელმაც "ტვიტერზე" განცხადება უკვე გაავრცელა.
ამის შემდგომ პროცესი საქართველოში გაგრძელდება, სხვადასხვა სტრუქტურებმა ერთად უნდა იმუშაონ და პასუხი გასცენ კითხვარს, რის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს მოსაზრებას, შემდეგ კი გადასცემს ევროპულ საბჭოს, ანუ ევროკავშირის უმაღლეს ორგანოს და უკვე სავარაუდოდ ივნისის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე განიხილავენ ასოცირებული ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს.
არსებული ინფორმაციით, ეს კითხვარი უნდა იყოს გამარტივებული და მისი ძირითადი საკითხებია პოლიტიკა, ეკონომიკა და თუ როგორ თანხვედრაშია საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
დღეს კომენტარები გაკეთდა ლუქსემბურგში, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატების შეხვედრა. როგორც ისინი მედიასთან აცხადებენ, არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და იმის ფონზე, რომ რუსეთი ომს აწარმოებს დამოუკიდებელ, სუვერენულ უკრაინასთან, საჭიროა ევროკავშირმაც გადადგას პოლიტიკური ნაბიჯი:
"შემდგომში იქნება სტანდარტული პროცედურა, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში იყო. კომისია გადასცემს კითხვარს. პრეზიდენტი ვონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა, რათა პირადად გადაეცა კითხვარი პრეზიდენტ ზელენსკისთვის. იგივე იქნება ამ 2 ქვეყნის შემთხვევაშიც, რომლებმაც განაცხადი გააკეთეს," - აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს მხარდაჭერაზე საუბრობს:
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და მათ ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ უკრაინელები იბრძვიან ევროპული მისწარაფებისთვის. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ვლობირებთ, რომ მათ კანდიდატის სტატუსი მიიღონ. არ ვიცი ამ ლობირების შედეგები როგორი იქნება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია. რა თქმა უნდა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ამას ევროკავშირში განვიხილავთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა მათ ერთიანობის მნიშვნელობა ავუხსნა," - განაცხადა იან ლიპავსკიმ.
ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრი გორდან გრლიჩ-რადმანი აცხადებს რომ ისინი მიესალმებიან ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროპული ოჯახის წევრობა:
"ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყანას. ეს ჩვენი დღის წესრიგშია და განვიხილავთ ამ საკითხს. ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს იყოს ოჯახის წევრი და შეასრულოს კრიტერიუმები, მივესალმები ევროკავშირში,"- განაცხადა გორდან გრლიჩ-რადმანმა.