ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისშია. თავდაცვისა და უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრების ნაწილი საქართველოში გვიან ღამით ჩამოფრინდა. ოფიციალური შეხვედრები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ევროპელი სტუმრები აპირებენ მოინახულონ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისები მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში და დააკვირდნენ მისიის მუშაობას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
ევროპარლამენტარები, რომლებიც წარმოადგენენ ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრას მართავენ. ევროპარლამენტარები, ასევე იმყოფებოდნენ სალომე ზურაბიშვილი სასახლეში და მასთან უკვე გამართეს აუდიენცია.
მსგავსი ხასიათის შეხვედრას ევროპარლამენტარები ოპოზიციის წამრომადგენლებთანაც გამართავენ.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი მაქსიმალურად არ იყენებს ყველა ბერკეტს, რათა მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს სასარგებლოდ იყოს გამოყენებული.
"უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი მუშაობის პროცესი დასავლეთიდან მიდის, მათ შორის აშშ-ში პრეზიდენტის ინიციატივით შექმნილია ვეფხვების ჯგუფი, რომელიც მუშაობს სცენარზე, თუ რუსეთი განახორციელებს ან შეეცდება თავდასხმას საქართველოზე, იყოს კონტრზომები მიღებული, როგორ დავიცვათ საქართველო. ამ ეტაპზე საქართველოსთვის უსაფრთხოება და მშვიდობა არის მთავარი ამოცანა და ჩვენ ამ საკითხებს დავაყენებთ, მაგრამ უსაფრთხოება და მშვიდობა არ არ არსებობს დემოკრატიის და ერის ერთიანობის გარეშე,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით კი, ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ევროატლანტიკური სტრუქტურებისთვის საქართველო სანდო და მჭიდრო პარტნიორია.
"ევროკავშირის, ევროსაბჭოს და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტარების ვიზიტი კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ბოლო ათწლეულების განმავლობაში უახლოვდებოდა ევროკავშირს და ეს არის გამონათქვამები არამხოლოდ ჩვენი, არამედ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების, რომ პრაქტიკულად საქართველო უკვე არის თავსებადი ევროკავშირთან.
საუბარი არის ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე და იმ პროცედურაზე, რომელიც უკვე დაწყებულია და ბუნებრივია ამ კონტექსტშიც, როდესაც დღეს რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარეობს ასეთი რთული პროცესი, მათი ვიზიტი ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამ რეგიონში, როგორც პირველი საფრთხის შემცველი ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, როგორ უმკლავდება ამ გამოწვევებს," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.