19 აპრილი 2024,   05:01
ვრცლად
უკრაინის უმაღლესი რადის სპიკერი მოწვევაზე ქართული მხარის პასუხს ეხმაურება - როგორ აფასებენ რუსლან სტეფანჩუკის მიმართვას "ქართულ ოცნებაში"

უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარ​ის მიერ ბუჩასა და ირპენში მიწვევაზე ქართული მხარის პასუხს, რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი "ფეისბუქზე" ეხმაურება.

"არასათანადო - ასე აღწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩემი მოწვევა ბუჩასა და ირპენის მოსანახულებლად. ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელი და მამაცი მეომრები არიან, რომელთაგან ბევრი დღეს გვერდში უდგას ჩვენს დამცველებს და იცავს უკრაინას რუსული შემოჭრისგან, ისევე როგორც ბევრი უკრაინელი 2008 წელს. ისინიც ქართველების გვერდით იდგნენ რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც შელახა თქვენი დამოუკიდებლობა, ოკუპირება მოახდინა თქვენი ტერიტორიის ნაწილის, დახოცა თქვენი ხალხი, არის თუ არა მიზანშეწონილი, უწოდო მოწვევას "არასათანადო", რომ ჩამოხვიდე მეგობარ ქვეყანაში და დაინახო მისი გაჭირვება? - მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე" - წერს რადას სპიკერი.

სტეფანჩუკის მიმართვას მმართველ გუნდში უკვე უპასუხეს.

"როდესაც მეგობრობაზეა საუბარი და მეგობარი არასამართლიან ბრალდებას წაუყენებს მეგობარ სახელმწიფოს, ელჩს გამოიწვევს იმ ქვეყნიდან, რომელმაც მას ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე მხარი დაუჭირა და შემდგომ, როდესაც მეგობარს წაუყენებ მძიმე ბრალდებას, აბსოლუტურად მტკიცებულებების გარეშე და დღემდე სამწუხაროდ არ გვაქვს ეს მტკიცებულებები, მე მგონი ყველა დამეთანხმება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთ მეგობარს შესაბამისი რეაქცია როცა ექნება და პასუხებს დაელოდება, თუ რატომ ხდება არასამართლიანად განცხადებების გაკეთება, მე მგონი ამაში გასაკვირი არაფერი არაა," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები