19 აპრილი 2024,   15:28
ვრცლად
კითხვარის დოკუმენტი არის ძალიან მოცულობითი, რომელიც შეაფასებს თუ როგორ შეასრულა ჩვენმა ქვეყანამ დღმდე აღებული ვალდებულებები - სალომე სამადაშვილი

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადადის. კითხვარის შინაარსი ეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომლის დადებითი შეფასება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა უნდა გახდეს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, როდესაც კითხვარზე მოუწევს პასუხების გაცემა:

"ის, რომ "ქართული ოცნება" ამ კითხვებზე პასუხებს გასცემს ძალიან საეჭვოა. ხალხი, რომლებსაც იმის ეშინიათ, რომ ჩავიდნენ იმ სახელმწიფოში, სადაც ევროკავშირის ლიდერები არიან ჩასულები, ვფიქრობ, ეს ადამიანები ძალიან რთულ ვითარებაში იქნებიან, როდესაც ამ კითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ნონა მამულაშვილი.

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი კი აღნიშნავს, რომ დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია და ის შეაფასებს თუ როგორ შეასრულა ჩვენმა ქვეყანამ დღემდე აღებული ვალდებულებები.

"დოკუმენტს ჰქვია კითხვარი, მაგრამ ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, რომელიც შეაფასებს თუ როგორ შეასრულა ჩვენმა ქვეყანამ ის ვალდებულებები, რაც დღემდე ჰქონდა აღებული და რამდენად მზად არის სახელმწიფო იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციისთვის იმედიანი განწყობა აქვს: 

"ევროკავშირში ინტეგრაცია არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის რეფორმირებას ძალიან ბევრი მიმართულებით. იმისათვის, რომ ეს პროცესი დაწყებულიყო საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში, რაც გულისხმობდა ამ სამი ქვეყნის პოლიტიკურ ასოცირებას ევროკავშირთან, 2014 წელს ჩვენ მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებებს. 2014 წლიდან ამ შეთანხმებებს ვახორციელებთ და ეს არის სწორედ ის საფუძველი, რაც გვაძლევს უფლებას გვქონდეს იმედიანი განწყობა"- აღნიშნავს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები