19 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
დღეს ისტორიული დღეა, კითხვარი, რომელიც უნდა შეივსოს, არის ერთ-ერთი შემდეგი საფეხური საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - მამუკა მდინარაძე

ევროკავშირის კითხვარის მიღებას, რომელსაც საქართველო ელოდება, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ისტორიულს უწოდებს.

"დღეს ისტორიული დღეა იმასთან დაკავშირებით, რომ კითხვარი, რომელიც უნდა შეივსოს, ვიღაცას შესაძლოა ფორმალურ მხარედ და დოკუმენტად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი შემდეგი საფეხური საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რომელ გზასაც ჩვენ წარმატებით მივყვებით. ყველა აღიარებს, რომ საქართველო მოწინავეა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი პოზიტიური საფეხურია იმ გზაზე, რასაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია, არის დასტური იმისა, რომ საქართველოს დიდი ხანია უკვე არჩეული აქვს თავისი ხვალინდელი დღე და ეს არის ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადადის. კითხვარის შინაარსი ეხება საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, პოლიტიკური, სამართლებრივი თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, რომლის დადებითი შეფასება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა უნდა გახდეს.

დღის ამბები