16 აპრილი 2024,   15:54
ვრცლად
"საქართველო უკრაინაში, რა თქმა უნდა, დააფიქსირებს ერთიან პოზიციას" - არჩილ თალაკვაძე

ბუჩაში გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე იქნება. უკრაინაში გამგზავრების საკითხზე ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. გაიმართა პირველი შეხვედრა "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან. უკვე დასახელდა დელეგაციის სავარაუდო შემადგენლობა.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ვიზიტისთვის მზადება უკვე დაწყებულია. მისი თქმით, დელეგაცია უკრაინაში ერთიან პოზიციას დააფიქსირებს.  

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მას შემდეგ, რაც თბილისში ყველა საერთაშორისო დონეზე ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ, უკვე დაიწყო მზადება ვიზიტისთვის. გავემგზავრებით საპარლამენტო დელეგაცია, რომელშიც ოპოზიციის წარმომადგენლებიც იქნებიან და სწორედ ამ მიზნით გვაქვს კონსულტაციები. საქართველო უკრაინაში, რა თქმა უნდა, დააფიქსირებს ერთიან პოზიციას," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

დღეს, 18:00 საათზე მორიგი და შემაჯამებელი შეხვედრაა ჩანიშნული. კონსულტაციები გაიმართება ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც დელეგაციის სრული სია გახდება ცნობილი.

დღის ამბები