დღეს პლენარული სხდომა პარლამენტში პოლიტიკური დებატებით გაიხსნა. უკრაინაში ვიზიტი და ევროკავშირის კითხვარი ის მთავარი თემებია, რაზეც დეპუტატები საუბრობენ, განსაკუთრებული აქცენტი სწორედ ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაკეთდა. ისევ ისმის ურთიერთბრალდებები. ოპოზიცია მოუწოდებს მმართველ პარტიას კითხვარი გაასაჯაროვოს და ამ პროცესში ყველა სუბიექტს ჰქონდეს ჩართვის შესაძლებლობა.
მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ევროკავშირის კითხვარი საქართველოსთვის ევროპაში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია:
"მსურს გამოვეხმაურო მათ, ვინც ქილიკითა და ხელისუფლების დისკრედიტაციით არის დაკავებული და ამავდროულად ცდილობენ წარმოაჩინონ თავი წამოაჩინონ ქვეყნის ევროპული მომავლის ქომაგებად. თქვენ ასეთი ქცევით ვნებთ არა "ქართულ ოცნებას", არამედ საკუთარ ქვეყანას და ხერგავთ იმ გზას, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე მიდის,"- აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.
პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა კი სასესიო დარბაზში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის წევრებს უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი ფოტო აჩვენა და განაცხადა, რომ სწორედ უკრაინელი ხალხის დამსახურებაა ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის კითხვარის გადმოცემა.
მმართველი გუნდის წევრის გივი მიქანაძის განცხადებით კი, ასეთ დროს ყოველგვარი დესტრუქცია და ხელის შეშლა დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამავდროულად უპატიებელი.
პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ კი, ის ფაქტორები დაასახელა, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სჭირდება:
"ევროკავშირისთვის გვჭირდება რეფორმები, სასამართლოს რეფორმების საგზაო რუკა, ადამიანის უფლებების დაცვა, ძალაუფლების გადანაწილება და უკრაინის ძალიან ერთგული და პირდაპირი მხარდაჭერა. ეს კითხვარი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტიის ერთგულება,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციის წევრებს მიმართავს და მოუწოდებს, დესტრუქციას შეეშვან:
"რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში არიან ჩაბმულნი. ყველაფერს აკეთებენ, რათა შეძლონ საქართველოს ჩათრევა რეალურ ომში.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ოპოზიციამ სცადა, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საკუთარ ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად გამოეყენებინა. ყველაფერს აკეთებდნენ და მცდელობა დღესაც არ შეუწყვეტიათ, რომ ამ ომში უშუალოდ ჩავერთოთ. ახლა კი, როდესაც გაჩნდა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პერსპექტივა, ოპოზიცია ისევ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებზე ლაპარაკობს. დღეს, როდესაც მართლა ისტორიული მომენტია და გვაქვს შანსი, გავხდეთ ევროკავშირის წევრები საკმაოდ მალე, შეეშვით დესტრუქციას, შეეშვით მუდმივად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მით უმეტეს მაინც არაფერი გამოგდით და ცოტა მეტი იფიქრეთ ჩვენს სამშობლოსა და ჩვენი ხალხის მომავალზე," - განაცხადა სოზარ სუბარმა.