20 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
"ვფიქრობ, მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ვიზიტი, მათ შორის ამ შემადგენლობაში უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრებიც" - ხატია დეკანოიძე უკრაინაში გამგზავრებაზე

ბუჩაში გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი იქნება. მისი თქმით, პროცესში უმრავლესობას მონაწილეობა რომ არ მიეღო, ის თავად იქნებოდა დელეგაციის ხელმძღვანელი, თუმცა ისიც დასძინა, რომ  დელეგაციის შემადგენლობაში მმართველი პარტიის ყოფნა პოზიტიურია. 

"სამძიმარი უნდა გადავცეთ ქართველი ხალხის სახელით. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ყველაფერს წინ არ უძღოდა მარტივი ურთიერთობები, მარტივი არ იყო ამ ყველაფრის შეთანხმებამდე მიყვანა, კარგია, რომ შევთანხმდით, კარგია, რომ მმართველი პარტია არის დელეგაციაში და ახლა დაზუსტდება უკვე დეტალები. ის ადამიანები, ვინც ამ კონსულტაციებში არიან ჩართულები, ბუნებრივია ალბათ ისინი იქნებიან, ვინც წამოვლენ დელეგაციაში. ეს თუ იქნებოდა მარტო ოპოზიციის დელეგაცია, მაშინ მე ვიქნებოდი ხელმძღვანელი, როგორც ოპოზიციის კვოტით არჩეული ვიცე-სპიკერი, მაგრამ თუ მონაწილეობას მიიღებს "ქართული ოცნება" და თუ იქნება დავით სერგეენკო, მე სიამოვნებით დავუთმობ ბატონ დავით სერგეენკოს, რომ ის იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დელეგაციაში იქნება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

"მე განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს უკრაინასთან. იმდენჯერ ჩავედი და ჩამოვედი ამ პერიოდში, რომ პრობლემა არ მაქვს კიდევ ერთხელ ჩავიდე ყოველგვარი ოფიციალური მოწვევების გარეშეც. ვნახოთ, ძალიან ბევრს უნდა წასვლა და მიხარია, რომ ბევრს უნდა წასვლა. აქედან გამომდინარე, როგორც დაორგანიზდება, ისე იქნება, მთავარია, რომ ეს იქნება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია," - ამბობს გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება. 

"მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს ვიზიტი, მათ შორის ამ შემადგენლობაში უნდა იყვნენ ოპოზიციის წევრებიც. ჩვენ ჯერჯერობით, არ გვქონია ამასთან დაკავშირებით საუბარი. ამიტომ ვნახოთ როგორი ფორმატი იქნება, ვინ წავა და საერთოდ ვფიქრობ, რომ პაპუაშვილი უნდა წავიდეს და მე არ შემიცვლია აზრი. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თვითონ მიიღო მოწვევა ბატონი სტეფანჩუკისგან," - ამბობს   ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები