24 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
"მხოლოდ ქუჩაში პერფორმანსებით ხელისუფლება არ შეიცვლება" - ოპოზიციის ერთი ნაწილი კოლეგებს აკრიტიკებს

"თბილად კი არ ვსხედვართ, ვმუშაობთ" - ამ სიტყვებით "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ იმ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა, რომლებიც, მისი თქმით, წარუმატებლობის მიზეზის სხვისთვის გადაბრალებას ცდილობენ.

რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ მუდმივი მოწოდება პარლამენტის დატოვებაზე შეცდომაა, რადგან საპარლამენტო ბერკეტები აუცილებელია მმართველი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

"პარლამენტის როლის დაკნინება ასუსტებს ოპოზიციას და, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა შეიგნონ ეს და შევიგნოთ ჩვენ, ოპოზიციამ. პარლამენტი არის ყველაზე სერიოზული იარაღი ოპოზიციის გამარჯვებისა მმართველ პოლიტიკურ ძალაზე და ტუბ ამ ბერკეტს კარგავს, მათ შორის, მისი საერთაშორისო დატვირთვით, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია აზიანებს საკუთარ თავს და მუდმივი და განახლებული საუბარი - დატოვეთ პარლამენტი, დატოვეთ პარლამენტი, ბოიკოტი და ა.შ. არის ძალიან გულუბრყვილო მიდგომა და საკუთარი წარუმატებლობის რაღაცაზე გადაბრალება. არის შეძახილი რომ თბილად ვსხედვართ, თბილად კი არ ვსხედვართ, ვმუშაობთ,"-აცხადებს გოცირიძე.

კოლეგას ეთანხმება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძეც და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებასთან კომპლექსური ბრძოლაა საჭირო.

"მხოლოდ ქუჩაში პერფორმანსებით ხელისუფლება არ შეიცვლება, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ტრიბუნა ხელისუფლებასთან ოპონირების. ეს ხალხი აკრიტიკებს ყოველთვის სხვას და არასდროს იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე. მარტივი ფორმულა მოიფიქრეს - იმისთვის, რომ ოპოზიცია ვერ აღწევს წარმატებას ქუჩაში, გადააბრალონ საპარლამენტო საქმიანობას. ვურჩევ, რომ ყველამ კარგად გავიაზროთ ის პრობლემები, რატომაც ვერ ვცვლით ხელისუფლებას და არა ის, რომ ხელი შევაწმინდოთ სხვას და ყოველთვის სხვისკენ გავიშვიროთ ხელი,"-აცხადებს მანჯგალაძე,

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი პოლიტიკური ბრძოლის ასეთი დაყოფის მომხრე არ არის და მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში უნდა იყოს გამოყენებული როგორც ქუჩის აქციები, ისე საპარლამენტო ტრიბუნა.

"მიმაჩნია, რომ ყოველგვარ აზრსაა მოკლებული პოლიტიკური საქმიანობის ასეთი დანაწევრება, რომ არსებობს ქუჩის აქტივობები და რაიმე სახის სხვა პოლიტიკური ბრძოლები. ჩემთვის პოლიტიკური ბრძოლა არის ერთი ბრძოლა, ამ ბრძოლაში მე საპარლამენტო ტრიბუნასაც გამოვიყენებ და ქუჩაშიც გავალ. თუ ვიღაცას პოლიტიკური იდეები არ აქვს და არ იცის, როგორ იბრძოლოს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებზე თავდასხმა არ აძლიერებს არც ოპოზიციას და არც ახლოს მივყავართ ჩვენს საერთო ამოცანასთან,"-აცხადებს სამადაშვილი.

დღის ამბები