23 აპრილი 2024,   12:57
ვრცლად
უკრაინაში ქართულ საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს - როგორ აფასებენ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწვეტილებას პოლიტიკურ სპექტრში

როდის და რა შემადგენლობით გაემგზავრება ქართული დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, დღეს დაზუსტდება. ოპოზიციაში დადებითად აფასებენ, რომ ქართულ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.

"ეს სულ სხვა დონის ვიზიტი იქნება ინსტიტუციურადაც, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობითაც და იქ მიმღები მხარეც განსხვავებული იქნება. ეს იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული პოლიტიკური ურთიერთობების. მე ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ბევრ სასიკეთოს რამეს ვნახავთ და იმედი მაქვს რომ ელჩის დაბრუნებაც მოჰყვება ამას," - განაცხადა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი აცხადებენ, რომ მათი პარტიიდან გიორგი ვაშაძე გაემგზავრება უკრაინაში.

ამასთან, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრები აცხადებენ, რომ ისინიც მზადყოფნას გამოთქვამენ უკრაინაში წასასვლელად და მაქსიმუმს გააკეთებენ იმისთვის, რომ დელეგაციის ფორმატში მათი წარმომადგენელიც იყოს.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, დავით სერგეენკოს შეფასებით, პარლამენტის სპიკერის ჩასვლა იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა აღმოფხვრას უხერხულობები, რაც 2 ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში გაჩნდა.

"უკრაინისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა, თუნდაც სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. მაღალი დონის სახელმწიფო ვიზიტი, რომელსაც სპიკერი უხელმძღვანელებს, გარდა ამ სოლიდარობისა, იძლევა შესაძლებლობას, უკვე ის არსებული გაუგებრობები, რაც იყო ბოლო პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანწილად მოგვარდეს.

რაც შეეხება შემადგენლობას, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს დელეგაციას, შემადგენლობა უფრო კომპაქტური ხდება. მე ვერ გეტყვით, რა იქნება ზუსტი სახელობითი სია, მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ვიყო ამ დელეგაციაში," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ქართული საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში, სავარაუდოდ, პარასკევს, ან შაბათს გაემგზავრება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მზადყოფნას გამოთქვამს უკრაინაში გაემგზავროს.

დღის ამბები