23 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
"აკერმანი არის ცნობილი აგიტატორი არაძალადობრივი პროტესტის და პოლიტიკური დისიდენტების მხარდაჭერის" - ოპოზიცია "ოცნების" განცხადებებს პასუხობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ოპოზიციის ნაწილის მიერ საქართველოში რევოლუციური სცენარის მზადების შესახებ, დღეს ადრესატებმა უპასუხეს. პარტიების ნაწილმა არ უარყო, რომ პიტერ აკერმანთან შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არაძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის სხვადასხვა მეთოდები იყო.

"ის არის ცნობილი აგიტატორი არაძალადობრივი პროტესტის და პოლიტიკური დისიდენტების მხარდაჭერის. ტრენინგი რა შუაშია? მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მოხარული ვარ, რომ შეხვედრა და დისკუსიის შესაძლებლობა გვქონდა მასთან და მის ორგანიზაციასთან, ძალიან ცნობილი ორგანიზაციაა მსოფლიოში, მათ წიგნიც აქვთ გამოცემული არაძალადობრივ პროტესტზე და როგორ უნდა იქნეს მიღწეული დემოკრატიული ცვლილებები არაძალადობრივი ცვლილებების გზით. მას აქვს თავისი ხედვა და წიგნში შეგიძლიათ ნახოთ რა ხედვა აქვს და ვინც ამ ხედვას გაიზიარებს, ქვეყნის შიგნით, როგორც, მაგალითად, ჩვენი ვარდების რევოლუციის დროს "კმარა" იყო ამის მაგალითი, როგორ უნდა მოიქცე ისე, რომ მშვიდობიანად შეცვალო ავტორიტარული რეჟიმი, მხოლოდ მადლობა ეთქმის იმ ცოდნის გამოყენების შესაძლებლობისთვის,"-აცხადებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ საუბარი იყო ხელისუფლების დამხობაზე და ირაკლი კობახიძის განცხადებას პროპაგანდისტულს უწოდებს.

"ასეთი შეხვედრა, რომ სადმე იხილებოდა ხელისუფლების დამხობის გეგმა, არ ყოფილა. "სტრატეგია აღმაშენებელი" არ მონაწილეობს ასეთ სცენარებში და ეს არის პროპაგანდა. ირაკლი კობახიძემ გააკეთა პროპაგანდისტული მიზნებით ეს განცხადებები, რომ ხალხი დააშინოს და გადაიტანოს ყურადღება. რეალობაში არ არსებობს ასეთი, რომ არსებობდეს, მაშინ უკვე დაწყებული იქნებოდა გამოძიება, რადგან ძალიან დიდი დანაშაულია ხელისუფლების დამხობის მომზადება,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა: "გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიქირავეს უცხოელი ტრენერი, რომ მოამზადონ საქართველოში სიტუაცია, რათა მოხდეს ხელისუფლების დამხობა".

ამავე თემაზე
დღის ამბები