18 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
მოხვდება თუ არა დელეგაციაში ყველა საპარლამენტო ჯგუფი და რას აცხადებენ ოპოზიციაში - უკრაინაში ვიზიტზე დეტალები ჯერაც ზუსტდება

უკრაინაში ქართული დელეგაციის ვიზიტზე კონსულტაციები გრძელდება. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა შესაძლოა შემცირდეს, რადგან როგორც უმრავლესობა ამბობს, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი სხვა ფორმატია და შემადგენლობას თავად შალვა პაპუაშვილი დააკომპლექტებს.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თუ ამ შემადგენლობაში ვერ მოხვდება, უკრაინაში ინდივიდუალურად გაემგზავრება.

"მე მოვისმენ პაპუაშვილის განცხადებას, თუ რას ფიქრობს. ამის შედეგ იქნება ჩვენი მხრიდან პოზიცია, მათ შორის, ჩემი პირადი პოზიცია როგორია. 

რაც შეეხება ზოგადად ვიზიტს, მე ყველას შევახსენებ, რომ ეს ქვეყანა არ არის "ქართული ოცნების" საკუთრება, ამ ქვეყნის წარმომადგენლობაა ყველა. ჩვენი პოზიცია კონკრეტული დეტალების შემდეგ გახდება ცნობილი," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ.

"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ისინი თავიანთი მხრიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ფორმატში. ამასთან, მისი თქმით, მათ გამოხატეს მზაობა რომ საპარლამენტო დელეგაციაში ყველა პარტიის წარმომადგენელი იყოს წარმოდგენილი.

პარტია "მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანი განცხადებით, ზოგადად, ოპოზიციაში არის სურვილი და განწყობა, რომ ყველა ჩავიდეს უკრაინაში და სამძიმარი გამოთქვას.

"მარტო მე ამ დელეგაციაში არ ვიქნები, აქ უნდა იყვნენ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც. ზოგადად, ოპოზიციაში არის სურვილი და განწყობა, რომ ყველა ჩავიდეს უკრაინაში და სამძიმარი გამოთქვას. ამ სურვილის ექსკლუზიურობას ვერ მივითვისებ და არც მაქვს სურვილი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცე- სპიკერის პოზიცია მიკავია ოპოზიციის კვოტით," - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

დღის ამბები