19 აპრილი 2024,   21:20
ვრცლად
დასაწყებია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სხვანაირად ეს დასკვნები არ გამოსწორდება - ლევან იოსელიანი სახდეპის ანგარიშზე 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პრობლემებია და უარყოფითი პროცესები მიმდინარეობს. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ დოკუმენტში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია მართლმსაჯულების საკითხზე.

"ამ მიმართულებით ოპოზიცია დიდი ხანია ვაყენებთ ამ საკითხს, რომ დასაწყებია რეფორმა, დასაწყებია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. სხვანაირად ეს დასკვნები არ გამოსწორდება და იქნება უფრო და უფრო უარესი," - ამბობს ლევან იოსელიანი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი,  პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ მსგავსმა შეფასებებმა შესაძლოა პრობლემები შექმნას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

"ამის მიხედვით განსაზღვრავს ამერიკა დამოკიდებულებებს მთავრობებთან. ირაკლი კობახიძე შეეცადა რიგით მოვლენად გაესაღებინა ეს ამბავი. ეს არ გამოვა. იქ ლაპარაკია, რომ საქართველომ გადადგა ნაბიჯები უკან დემოკრატიის მიმართულებით, ადამიანის უფლებების მიმართულებით, საუბარია იმაზე რომ ჟურნალისტების უფლებები, მედიასთან დაკავშირებული თემატიკა, მართლმსაჯულების რეფორმა, ანუ ყველა ის საკითხია, რომელიც ჩვენ წინ დაგვხვდება ევროინტეგრაციის გზაზე, როგორც პრობლემა," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებიც.

"ეს ანგარიში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს უარყოფითი პროცესები, ქვეყანაში სამწუხაროდ მიმდინარეობს კვლავ პოლიტიკური ოპონენტების დევნა, მათი უკანონო მოსმენები, მათ მიმართ სხვადასხვა რეპრესიების განხორციელება,"- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები