24 აპრილი 2024,   09:49
ვრცლად
გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული როგორც სააკაშვილი, ასევე მელია და რურუა, რაც არის სრული სიცრუე - ირაკლი კობახიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ დოკუმენტში მკაფიოდ არის თემებზე საუბარი, რომელიც ინტერპრეტაციის საშუალებებს არ იძლევა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ანგარიშში მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად არავინ მოიხსენიებს, დოკუმენტში წერია, რომ მას პოლიტპატიმარს საკუთარი პარტიები უწოდებენ. 

"გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებულმა ტელევიზიებმა, თითქოს პოლიტპატიმრად იყო მოხსენიებული როგორც სააკაშვილი, ასევე მელია და რურუა, რაც არის სრული სიცრუე. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საკუთარი პარტიები ამ ადამიანებს მოიხსენიებენ პოლიტპატიმრებად, რაც არის აბსოლუტურად განსხვავებული რამ. ეს იგივეა, ანგარიშში რომ ჩაიწეროს, რომ ვიღაცამ კაცი მოკლა და დედამისი ამბობს, რომ ჩემი ბიჭი უდანაშაულოაო. დაახლოებით ასეთი რამ არის ჩაწერილი ამ ანგარიშში. რატომ იყო ამ ანგარიშში ჩაწერილი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს არის ჩაწერილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრებად ამ ადამიანებს არავინ მოიხსენიებს, გარდა საკუთარი პარტიებისა,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ამბობს, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა ნაბიჯები კვლავ გადასადგმელია.

"ეს ანგარიში ძირითადად ეფუძნება სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ გარკვეულ ანგარიშებს და მათზე რეფერირება ხდება. ასევე, აქ აქცენტი არის გაკეთებული იმაზე, რომ გარკვეული შეფასებების სწორედ რომ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის შეხედულებებიდან არის აღებული. ამიტომ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ამას სრულყოფილად იზიარებს, არამედ ის ამბობს, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები რას ფიქრობენ კონკრეტული მიმართულების განვითარებაზე. ჩვენ ყოველთვის გამჭვირვალე პროცესს ვაწარმოებდით, იგივე მოსამართლეთა შერჩევის კუთხით, იგივე საკანონმდებლო პროცესებთან მიმართვაში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.“ - ამბობს გივი მიქანაძე.

დღის ამბები