20 აპრილი 2024,   09:33
ვრცლად
"ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ვიზიტში" - ხათუნა სამნიძე

უკრაინაში გასამგზავრებელ დელეგაციაში მონაწილეობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას გაავრცელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ უკრაინას ახლა საქართველოს გვერდში დგომა სჭირდება. 

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ პარტია პირველი იყო, რომელიც უკრაინაში იყო ჩასული.  

"ნაციონალური მოძრაობა იყო პირველი ოპოზიციიდან და საქართველოდან, რომელიც იყო ჩასული უკრაინაში. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ცხადია, ვისაც რა გადაწყვეტილება უნდა, იმას მიიღებს, არავის კრიტიკას არ ვაპირებ. უბრალოდ, ხელისუფლება ამ ხნის განმავლობაში რომ ამაზე კითხვის ნიშნებს სვამს, იქცევა ამორალურად, უგზავნის რაღაც ნოტებს უკრაინას, რომ თურმე თანამდებობის პირები უნდა მოხსნან, ეს არის ყველაზე მძიმე და არა იმის, ვის რამდენი კვოტა აქვს, ვინ როგორ წავა. უკრაინას სჭირდება ჩვენი სახელმწიფოს გვერდში დგომა და ეს რაღაცნაირად უნდა გავაკეთოთ," - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ უკრაინაში წასვლაზე უარის თქმა უპასუხისმგებლობა იქნება. 

"კარგია, რომ ქართულმა ოცნებამ ეს კომპრომისი გამოიჩინა ოპოზიციის მიმართ და თქვა, რომ ყველანი ერთად წავიდეთ. ახლა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არის პოლიტიკურ პარტიებზე. ჩვენ რა თქმა უნდა, მივდივართ, ყველა მოდის, აქ ერთი საკითხია, ნაციონალური მოძრაობა რას იზამს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში არ წამოსვლა იქნება ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა," - აცხადებს ლევან იოსელიანი.

ოპოზიციური პარტიების უკრაინაში ვიზიტში მონაწილეობას მნიშვნელოვანს უწოდებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე. 

"ახლა პასუხისმგებლობა არის ოპოზიციაზე, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ვიზიტში, მეტიც ეს იყო ოპოზიციის მხრიდან დაწყებული პროცესს. მე ვთვლი, რომ ამ დელეგაციაში მონაწილეობა უნდა მივიღოთ ოპოზიციურმა მხარემ,“ - ამბობს ხათუნა სამნიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე ამბობს, რომ მისაღებია ფაქტი, რომ ქალაქ ბუჩაში ქართული დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩავიდეს უკრაინაში და გაუგებრობები დაასრულოს.   

დღის ამბები