19 აპრილი 2024,   06:32
ვრცლად
ქართველი დეპუტატები უკრაინაში ხვალ გაემგზავრებიან - მრავალპარტიულ დელეგაციასთან ერთად ფრონტის ხაზზე ჩასვლა მხოლოდ ენმ-მ არ ისურვა 

მრავალპარტიული დელეგაცია შედგა - რამდენიმე დღიანი მსჯელობის შემდეგ, პარტიები საბოლოო კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ. მმართველმა გუნდმა ოპონენტებს შესთავაზა ის, რაც ოპოზიციის სურვილიც იყო - დელეგაციაში 1 ადგილი ყველა პოლიტიკური ჯგუფისთვის განისაზღვრა.

"ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთია პოლიტიკური ძალებს შორის, ვინც დელეგაციასთან ერთად გამგზავრებაზე უარი თქვა, მიზეზად პარტია ვიზიტის წინაპირობებს და მმართველი გუნდის მიმართ მათ დამოკიდებულებას ასახელებს.

ოპოზიცია მიდის "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად. კოლეგების გადაწყვეტილება გაუგებარია ყველა სხვა პოლიტიკური ძალისთვის. პარტიებში ამბობენ, რომ მთავარი განმსაზღვრელი ვიზიტის მნიშვნელობა და რადას თავმჯდომარის საერთო მიწვევაა.

გადაწყვეტილების ახსნას, "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარეს, "ქართული ოცნების" წევრი სხდომათა დარბაზში სთხოვდა. მიხეილ ყაველაშვილმა ხატია დეკანოიძეს უკრაინული ტელეარხისთვის მიცემული ინტერვიუც შეახსენა, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატი, ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებაში ადანაშაულებდა. ურთიერთშელაპარაკება სხდომის შესვენებაზე მოხდა.

მმართველი პარტიის ლიდერებმა კი, უკვე დარბაზის გარეთ და მედიასთან თქვეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია არ გაკვირვებიათ. "ქართული ოცნება" ოპონენტების გადაწყვეტილებას მათ პარტიულ ინტერესებს უკავშირებს. 

დელეგაციაში საბოლოოდ 5 ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი იქნება. ყველა მათგანი დღეს საუბრობდა იმაზე, რომ საპარლამენტო დელეგაციას უკრაინაში სახელმწიფოს გზავნილი ჩააქვს და არა პარტიული.

ვიზიტი რომ სოლიდარობის გარდა ქვეყნებს შორის ურთიერთობასაც ხელს შეუწყობს, ამაზე დღეს მმართველი გუნდის ის წევრებიც საუბრობდნენ, რომლებიც დელეგაციის შემადგენლობაში არიან და ბუჩაში მიემგზავრებიან.

ქართველი დეპუტატები უკრაინაში ხვალ გაემგზავრებიან. პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციის შემადგენლობაში 5 ოპოზიციური ჯგუფის, ხოლო 3 უმრავლესობის წარმომადგენელი განისაზღვრა.

დღის ამბები