უკრაინაში გასამგზავრებელ ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ. მათ ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ და იმედოვნებენ, რომ ვიზიტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება. ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან შეფასებები გაკეთდა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების შესახებ, არ მიიღოს მონაწილეობა დელეგაციაში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ ვიზიტში მონაწილეობას არ იღებს "ნაციონალური მოძრაობა".
"მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი შედგეს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტზე საქართველო არ იყოს წარმოდგენილი ერთპარტიულად. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ ეკუთვნის რომელიმე ერთ პარტიას და იქ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც პოლიტიკური მწვავე განსხვავების მიუხედავად, გაერთიანებული ვართ უკრაინის საკითხის ირგვლივ," - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას იწუნებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი, ლევან იოსელიანი და ამბობს, რომ ვიზიტი ქართულ-უკრაინული ურთიერთობების გამოსწორების შესაძლებლობაა.
"ჩემი აზრით, ეს იქნება შემობრუნების წერტილი იმ ძალიან დაბალ ნიშნულზე მყოფი ქართულ-უკრაინული ურთიერთობების, რომელიც დღეს არსებობს. თქვენ იცით, რომ ელჩიც გაწვეულია საქართველოდან და ამ გაფუჭებულ სიტუაციას სჭირდება შევლა. ეს ვიზიტი იქნება შესაძლებლობა, რომ ეს ურთიერთობები ჩადგეს იმ კალაპოტში, რასაც იმსახურებს ქართველი და უკრაინელი ხალხი.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" უარს, ყველა არგუმენტი, რითაც ისინი ამართლებენ უკრაინაში არ წამოსვლას, არის აბსოლუტურად ბავშვური და მიუღებელი ჩემთვის. ის, რომ ვიღაცასთან ერთად არ უნდათ მგზავრობა თუ გამოჩენა, ეს არ არის სერიოზული არგუმენტი," - აცხადებს ლევან იოსელიანი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი იმ მიზნებზე საუბრობს, რაც მას ამ ვიზიტის ფარგლებში აქვს.
"მინდა, რომ რაღაცნაირად მესიჯი მივიტანოთ უკრაინელებთან, რომ ჩვენ იქ მათთან ერთად ვართ ერთი და მეორე, როგორ ვთანამშრომლობთ მათთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ჩემი მიზანი, ამ შეხვედრიდან გავარკვიო, თუ დარჩა რამე პრეტენზია უკრაინულ მხარეს ქართულ მხარესთან და მეორე, როგორ ვმუშაობთ ერთად, ამოიწურა თუ არა ჩვენს შორის გაუგებრობები. ეს არის ჩემი ინტერესი," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.