20 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
ვიზიტი საქართველოს და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და ნორმალიზებას ემსახურება - გიორგი ხოჯევანიშვილი

ქართული საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით შეფასებები გრძელდება. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მრავალპარტიული დელეგაცია უკრაინელ ხალხს სოლიდარობას გამოუცხადებს.

პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ ვიზიტი ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურება.

"ქართველი ხალხის სახელით მრავალპარტიული დელეგაცია გამოუცხადებს სოლიდარობას უკრაინელ ხალხს, უკრაინელ ჯარისკაცებს და ეს იქნება სიგნალი ნიმუში იმის, რომ ამ საკითხში მაინც შეძლოს ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთიანობა. რა თქმა უნდა, იმის ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდა ორ მოძმე ერს შორის ურთიერთობის ნაწილში, დღეს ეს ვიზიტი ემსახურება საქართველოს და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და ნორმალიზებას," - აცხადებს გიორგი ხოჯევანიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრის, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგება რადას თავმჯდომარესთან.

"ახალი დეტალი არის ის, რომ რადას თავმჯდომარესთან იქნება შეხვედრა. ამის იქით ინფორმაცია, სიმართლე გითხრათ, მეტი არ გვაქვს. უსაფრთხოების ნაწილიდან გამომდინარე, ეს ინფორმაცია მეტ-ნაკლებად უფრო გაფილტრული და პორცია-პორცია მოდის,“ - ამბობს ლევან იოსელიანი. 

დღის ამბები