24 აპრილი 2024,   19:31
ვრცლად
მმართველი გუნდის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის ფონზე პროვოკაციას გეგმავს

მმართველი გუნდის ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტის ფონზე პროვოკაციას გეგმავს. პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტიდან გამოსული გია ვოლსკი აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ არ არიან ისინი საპარლამენტო დელეგაციის იმ შემადგენლობაში, რომელიც უკრაინაში მიემგზავრება. მისივე ინფორმაციით, ოფიციალურმა თბილისმა უკრაინული მხარე საქმის კურსში უკვე ჩააყენა.

"ნაციონალური მოძრაობა" გარკვეული პროვოკაციების დაგეგმვის მიზნით არის მობილიზებული და  სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, რატომ არ არიან დელეგაციაში. უფრო მეტსაც გეტყვით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკმაოდ სარწმუნო წყაროდან მიიღეს ინფორმაცია ჩვენმა სპეცსამსახურებმა და უკვე გაუზიარეს ეს უკრაინის სპეცსამსახურებს. დარწმუნებული ვარ, უკრაინელები ამასთან დაკავშირებით მიიღებენ შესაბამის ზომებს და ამ ვიზიტს ხელი არ შეეშლება. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი კოლეგები ამ კონსულტაციებით და თავისი რესურსებით შეძლებენ, რომ არ იქნას დაშვებული დელეგაციის მიმართ რაიმე პროვოკაცია," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკის განცხადებას უკვე უპასუხა "ნაციონალურმა მოძრაობამ", მათი თქმით, მმართველი პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასერიოზულია:

"სერიოზულად ამ განცხადებას ვერ აღვიქვამთ, რა თქმა უნდა. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინამ ოფიციალურად მიიწვია, ბუნებრივია, ისინი არიან პასუხისმგებელი და იქნებიან პასუხისმგებელი დელეგაციის უსაფრთხოებაზე. ამიტომ, ახლა ეს განცხადება უფრო მიზეზების ძებნას და თავის არიდების მცდელობას უფრო ჰგავს. სჯობს, დაასრულონ ეს დებატები, წავიდნენ, მოიხადონ თავის ვალი და გადავიდეთ პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე," - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომელიც უკრაინაში მიმავალ საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობს:

"ჩვენ გვესმის მათ შორის საჯარო განცხადებები, თუ როგორი განწყობა აქვს "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ვიზიტთან დაკავშირებით, მათ თავი გაიმიჯნეს პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციისგან. იცით, რომ ისინი თავიდან ცდილობდნენ საერთოდ ჩაეშალათ ვიზიტში ოპოზიციის მონაწილეობა ულტიმატუმების დაყენებით, რომ ან ყველა, ან არავინ და როდესაც შევთავაზეთ, რომ ყველა წამოსულიყო, მაშინ გადათქვეს და თქვეს, რომ უკვე აღარ იქნებიან ამ დელეგაციაში. ამიტომ მათი არმონაწილეობაც გარკვეულ ეჭვებს იწვევს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები