საქართველო-დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. წერილში ჯონათან ჯანოგლი აღნიშნავს, რომ ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობა გააძლიერა.
"ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობა მინდა გადაგიხადოთ გასულ კვირას გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციასთან შესახვედრად დროის გამოყოფისთვის. ჩემი ყველა კოლეგა მიიჩნევს, რომ ჩვენი საუბარი ძალიან ინფორმატიული და მრავლისმომცემი იყო.
ყველამ ძალიან ვისიამოვნეთ ცნობილი ქართული სტუმართმოყვარეობით და კარგად გავერკვიეთ მიმდინარე საკითხებში. ნამდვილად მიმაჩნია, რომ ჩვენმა ვიზიტმა გააძლიერა ორ ქვეყანას შორის არსებული საპარლამენტო ურთიერთობა და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ გამოწვევების შემცველ საერთაშორისო ვითარებაში,"- ნათქვამია ჯონათან ჯანოგლის წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერთიანებული სამეფოდან მიიღო.