18 აპრილი 2024,   06:50
ვრცლად
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ერთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

ქართველი დეპუტატები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დღეს კიევში გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე დეპუტატების შეკრების ადგილი იყო პარლამენტი, რომლის სახელითაც მათ მეგობარ ქვეყანაში სოლიდარობის გზავნილი ჩააქვთ.

დელეგაციის წევრებმა თავმჯდომარესთან საორგანიზაციო ნაწილზე იმსჯელეს. ვიზიტითან დაკავშირებით რომ ქვეყნებს შორის პოზიტიური განწყობა ორმხრივია, ამაზე შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან ისაუბრა შალვა პაპუაშვილმა, რომელსაც რადას სპიკერისგან პერსონალური მიწვევა აქვს მიღებული. ვიზიტის ფარგლებში კოლეგებს შორის პირისპირ შეხვედრაც იგეგმება.

რა გზავნილს ჩაიტანს და რას ჩამოიტანს უკრაინიდან საპარლამენტო დელეგაცია - პარლამენტში ეს დღეს განხილვის მთავარი საგანი იყო. თავმჯდომარის ვიზიტი რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობას გააუმჯობესებს, ამის მოლოდინი აქვთ დელეგაციის ოპოზიციონერ წევრებს. ისინი უკრაინის მიმართ მხარდაჭერის მრავალპარტიულად გამოხატვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

მათ, ვინც საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებას შეუერთდნენ, მიაჩნიათ, რომ ურთიერთობის განვითარება ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესსაც განავითარებს. პარტიებში ამბობენ, რომ საერთო გამოწვევა და საერთო ინტერესია ის მთავარი საკითხები, რომელიც პარტნიორ სახელმწიფოებს დღეს ყველაზე მეტად აახლოვებს.

საქართველო-უკრაინის საკითხი რომ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარეა, ამაზე საუბრობს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეც. დელეგაციაში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ვიზიტი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში ერთდღიანი იქნება. საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში საპალამენტო დელეგაცია უსაფრთხოების გამოწვევის ფონზე ჩადის.

დღის ამბები