29 მარტი 2023,   08:28
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკვე კიევშია - როგორი იქნება ვიზიტის დღის წესრიგი

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკვე კიევშია. უკრაინაშია პარლამენტის სამივე ვიცე სპიკერიც. უკრაინულ მხარეს შესახვედრად საქართველოდან 9 დეპუტატი გაემგზავრა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის დღის წესრიგი დატვირთული იქნება. შალვა პაპუაშვილი შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განცხადებები გაკეთდება. აღნიშნულის შემდეგ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რუსეთის აგრესიის შედეგად განადგურებულ ბუჩასა და ირპენში ჩავლენ.

ისინი კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. ასევე, სამძიმარს გამოთქვამენ დაღუპულების გამო.

ბუჩაში სამძიმარზე ჩასასვლელად პარლამენტის დელეგაციასთან ერთად საკუთარი სურვილით განაცხადა უარი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპელმა სოციალისტებმა".

"ქართული ოცნება" სპეცსამსახურებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამძიმრის სათქმელად წასულ შალვა პაპუაშვილის დელეგაციას უკრაინაში "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციას უმზადებს. საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 325-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს. შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ინფორმირებულია უკრაინული მხარეც.  

დღის ამბები