20 აპრილი 2024,   09:47
ვრცლად
ვაჩქარებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით - პრემიერის ინიციატივით, მოსახლეობას ნაკვეთები უფასოდ დაურეგისტრირდებათ  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია სრულიად უფასოა და მიწის პირველადი რეგისტრაცია, 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. 

მისივე გადაწყვეტილებით, დაჩქარდება მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას:

"მიწა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი სიმდიდრეა; თუმცა დღემდე ეს პოტენციალი, ეს სიმდიდრე  ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოყენებული. ამას განაპირობებს ისიც, რომ მკაფიოდ და ცხადად არ არის დადგენილი, თუ რომელი მიწის ნაკვეთებია სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში. ჩვენი ქვეყნის  მიწების, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, 1/3 დღემდე არ არის რეგისტრირებული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება მრავალი ათასი ადამიანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის სრულად არ არის რეალიზებული. 1 200 000 ჰა მიწის ნაკვეთი გამოთიშულია ეკონომიკური ბრუნვიდან.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ, რომ  რამდენჯერმე ჩატარდა მიწის  რეფორმა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში – არსებითი დარღვევებით. ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია  ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარება. ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილებით, ჩვენ ვაჩქარებთ   მიწის სისტემურ რეგისტრაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.  სახელმწიფო სისტემური წესით აზომავს მიწის ნაკვეთებს კონკრეტულ არეალებზე, მოიძიებს შესაბამის დოკუმენტაციას და დაარეგისტრირებს საკუთრებას.

პროექტი განხორციელდება სამი წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა. ეს მოიცავს 59 მუნიციპალიტეტს, ქვეყნის 1 000-ზე მეტ ადმინისტრაციულ ერთეულს, 4 000-ზე მეტ დასახლებას.

სამი წლის განმავლობაში აიზომება და დარეგისტრირდება 1 200 000 ჰა დაურეგისტრირებელი მიწა, როგორც საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული, ასევე თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთები. ასევე, დაზუსტდება უკვე დარეგისტრირებული მონაცემები. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიწის სისტემური რეგისტრაცია არის სრულიად უფასო. 

მიწის პირველადი რეგისტრაცია 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს არის ჩვენი ამოცანა. შედეგად, ჩვენ გვექნება ქვეყნის ერთიანი, ზუსტი, კადასტრული და სამართლებრივი სურათი – რუკა; შეიქმნება უძრავი ქონების შესახებ სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემები; განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს მიწის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას, ეკონომიკის განვითარებას და ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

დღის ამბები