24 აპრილი 2024,   13:07
ვრცლად
ენმ-ს შესაძლო პროვოკაცია და სუს-ში დაწყებული გამოძიება - რას ემსახურება "ნაცმოძრაობისა" და მარგველაშვილის ალტერნატიული ვიზიტი უკრაინაში

"ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც უკრაინაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად წასვლაზე უარი თქვა, უკვე მეორე დღეა კიევშია. ცალკე, ოპოზიციური დელეგაციის ფორმირებაზე კოლეგები ვერ დაითანხმეს, დაითანხმეს მხოლოდ გიორგი მარგველაშვილი და საბოლოოდ ასე შექმნეს ცალკე ჯგუფი. ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გუნდთან ერთად, უკრაინაში წასული თავად ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში ორი პრეზიდენტის გზავნილი ჩაიტანა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ იქ ქართველ ხალხს წარმოადგენს. რამდენიმე ოპოზიციონერის უკრაინაში ჩასვლას ნიკა მელია დელეგაციას უწოდებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა უკრაინაში წასვლის შესახებ ინფორმაცია არ გაუმხილეს არც კოლეგებს და არც მედიას. გამონაკლისი აღმოჩნდა "მთავარი არხი" - ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ოპოზიციური ძალის გეგმებთან დაკავშირებით წინასწარ იყო ინფორმირებული. სწორედ ამ ეთერიდან გაიგო საზოგადოებამ, რომ პარტიის წარმომადგენლები საკუთარი უარის მიუხედავად, უკრაინაში სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის პარალელურად ჩავიდნენ.

პროვოკაციის მომზადება ის ბრალდებაა, რაც მმართველმა გუნდმა "ნაციონალურ მოძრაობას" უკრაინაში წასვლამდე წაუყენა. "ქართული ოცნება" სპეცსამსახურებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სამძიმრის სათქმელად წასულ შალვა პაპუაშვილის დელეგაციას, უკრაინაში ოპოზიციური პარტია პროვოკაციას უმზადებს. შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით ინფორმირებულია უკრაინული მხარეც. საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 325-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავდასხმას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კონკრეტულ ინფორმაციას სუსი გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით გაასაჯაროვებს.

რატომ გადაწყვიტა პარტიამ უკრაინაში ყველასგან დამოუკიდებლად წასვლა - "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ მათი წევრების ვიზიტი დაიგეგმა სწრაფად, რასაც წინ უძღოდა პირადი კონტაქტების გამოყენებით მაღალი დონის შეხვედრების დაორგანიზება. ვის შეხვდებიან ვერ აკონკრეტებენ, თუმცა აცხადებენ, რომ საპარლამენტო დელეგაციის პარალელურად, მათი ჩასვლა მხოლოდ უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ემსახურება.

კოლეგებს მათი არ ესმით - სპიკერის დელეგაციაში წარმოდგენილი პარტიებისთვის გაუგებარია, რას ემსახურებოდა მანამდე "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია.

პარტიული დაპირისპირება ამოიკითხეს "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაში მათმა ოპონენტებმაც. "ქართული ოცნება" ამ ფაქტს უკრაინა-საქართველოს ურთიერთობაში პოზიტიურ დინამიკას უკავშირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან ერთად წასულები, პოლიტიკურად თამაშგარე მდგომარეობაში არიან და ახლა სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.

ოპოზიციური ძალის და გიორგი მარგველაშვილის პოზიცია ვერ გაიგეს ვერც თბილისში და ვერც კიევში. როგორც საქართველოს პარლამენტის სახელით უკრაინაში ჩასული დელეგაციის წევრები ამბობენ, ომში მყოფ ქვეყანაში უფრო ნათელია, რომ სოლიდარობა პარტიულობას გამორიცხავს.

"ნაციონალური მოძრაობა" უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლის აუცილებლობაზე მას შემდეგ საუბრობდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინელი კოლეგისგან მიწვევა მიიღო. საუბრობდნენ იმაზეც, რომ დელეგაციაში ყველა ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ, ასეთი შემადგენლობის ჯგუფს საკუთარი ინიციატივით გამოეთიშნენ.

დღის ამბები