24 აპრილი 2024,   08:49
ვრცლად
"ჩვენთან დამოკიდებულებაში ტოტალურად კეთილგანწყობილები იყვნენ" - როგორ აფასებენ საპარლამენტო დელეგაციის ოპოზიციონერი წევრები უკრაინაში ვიზიტს

საპარლამენტო დელეგაციის წევრები უკრაინაში ვიზიტს აჯამებენ. როგორც დელეგაციის ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ვიზიტი ქართული მხარის მხრიდან უკრაინაში პოზიტიურად იქნა აღქმული.

"გირჩის" წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის შეფასებით, საუბარი რუსეთის მიმართ სანქციებსაც შეეხო.

"ჩვენთან დამოკიდებულებაში, დაწყებული ჯარისკაციდან დამთავრებული რადას სპიკერამდე, ტოტალურად კეთილგანწყობილები იყვნენ. თუ რაიმე შეიძლებოდა ჩვენ შორის ურთიერთგაუგებრობა ყოფილიყო, ეს არის ურთიერთობის მექანიკური არქონა. ის, რომ ჩვენ სანქციებს არ მივერთებივართ, ეს ერთმნიშვნელოვნად არ არის ფაქტობრივად სწორი. რაღაც სანქციების ნაწილში ჩვენ ვართ და არის რაღაც სანქციები, ორმხრივი სანქციები, რომლის რუსეთისთვის დაწესებას აქვს მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის შეფასებით კი, ეს ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, პოზიტიური და წინგადადგმული ნაბიჯი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ნორმალიზებისკენ.

რაც შეეხება "ლელოს", დელეგაციის წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, უკრაინული მხარე საქართველოსგან კონკრეტულ განმარტებას ელოდება, რუსეთის წინააღმდეგ რომელ სანქციებსაა მიერთებული.

"იყო გამოხატული მადლობა ფინანსური სანქციების მიმართ რასაც საქართველო მიერთებულია, მაგრამ გვთხოვეს განგვეხილა ორმხრივი სანქციების შესაძლებლობა.

დღეს კარგი იქნება ხელისუფლება გამოვიდეს და ღიად განაცხადოს რა სანქციებს არის მიერთებული.  უკრაინელმა ხალხმა თქვა მადლობა იმისთვის რასაც მიერთებული ხართ, მაგრამ თქვას ხელისუფლებამ, ნუ უფრთხის ამის ღიად და საჯაროდ თქმას," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. 

დღის ამბები