24 აპრილი 2024,   03:56
ვრცლად
"ომში მყოფმა უკრაინამ უკვე შეავსო კითხვარი " - ოპოზიციის ამ საყვედურის პასუხად პაპუაშვილი ამბობს, რომ ეიფორიამ გადაიარა და კითხვარის შევსების მსურველებმა მოიკლო

რა ეტაპზეა ევროკავშირისგან გადმოცემული კითხვარის შევსება - ოპოზიცია ხელისუფლებას საყვედურობს, რომ ომში ჩართულმა უკრაინამ პროცესი უკვე დაასრულა.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ინტერესდება, თუ როდის დაასრულებს ევროკავშირის კითხვარის შევსებას საქართველოს ხელისუფლება.

"უკრაინამ დაასრულა კითხვარის შევსება. მე მაინტერესებს ხელისუფლების მხრიდან, როდის დასრულდება ამ კითხვარის შევსება, რას პასუხობენ ისინი ძალიან მნიშვნელოვან თავებს, როგორიც არის კონსტიტუცია, ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, პარლამენტის მუშაობა, მედიის თავისუფლება და ა.შ. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ საქართველოსთვის გზაგასაყარ ეტაპზე ასე მხოლოდ კითხვების შეფასება და გაგზავნა - ასე არ იქნება. ეს არის ყოველდღიური ძალიან მძიმე, მნიშვნელოვანი სამუშაო," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი და პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, კითხვარი დროულად არის გასაგზავნი ევროკავშირში, რათა საქართველომ აღნიშნული შესაძლებლობა არ დაკარგოს.

"ომში მყოფმა უკრაინამ უკვე შეავსო კითხვარი და გააგზავნა ევროკავშირი. მშვიდობაში მყოფმა საქართველომ ახლა გაასაჯაროვა კითხვარი. ეს მიუთითებს პრიორიტეტულობაზე "ქართული ოცნებისთვის". როგორც შეიძლება, რომ ომში მყოფმა ქვეყანამ მოგასწროს არა თუ შევსება, არამედ გასაჯაროვებაც ამ კითხვარის. დროულად არის გასაგზავნი ეს კითხვარი, რომ ეს დიდი შესაძლებლობა საქართველომ არ დაკარგოს," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

აქვე ხელისუფლების ოპონენტები კითხვარის შევსების პროცესში პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვას ითხოვს.

"ამ კითხვარის შევსებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას თავ-თავის ნაწილში და მმართველ გუნდს. მაღალი სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე როგორც ოპოზიციამ, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში," - განაცხადა პარლამენტის წევრმა და პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა.

საპასუხო კომენტარები გაკეთდა მმართველ გუნდშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კითხვარის გასაჯაროების შემდეგ არსებულმა ეიფორიამ ჩაიარა და რეალურად, კითხვარის შევსების სურვილის მქონე ადამიანების სიმცირეა. მისივე განმარტებითი, არსებული კითხვარი არ არის შეფასებითი ხასიათის, კითხვარი ფაქტობრივი მდგომარეობის აღმწერ კითხვებს შეიცავს, რომლებზეც პასუხები კანონმდებლობაზე დაყრდნობით გაეცემა.

"კარგია, რომ ეს კითხვარი გასაჯაროვდა და ვნახეთ ჩვენ, რომ ნახევარდღიანი ეიფორიის და ისტერიის შემდეგ ყველა დაწყნარდა და ვერ ვხედავ ბევრ ადამიანს, რომელსაც სურვილი გასჩენოდა ამ კითხვარის შევსების. ვინაიდან ყველა მიხვდა, რომ ეს არის საკმაოდ სკრუპულოზური, რუტინული სამუშაო და არ გახლავთ შეფასებითი ხასიათის კითხვარი. ეს გახლავთ ფაქტობრივი მდგომარეობის აღმწერი კითხვები, რომლებზეც, ძირითადად, პასუხი გაეცემა კანონმდებლობაზე დაყრდნობით. შეფასებას უკვე ამის საფუძველზე შემდეგ კომისია გააკეთებს. ვხედავთ, რომ საბოლოო ჯამში ეს ისტერიაც ჩაწყნარდა და ყველამ შეხედა ამას როგორც საქმიან პროცესს, მათ შორის პარლამენტიც არის ამ კუთხით ჩართული კითხვარის შევსებაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები