20 აპრილი 2024,   00:31
ვრცლად
ციხის კონსულტაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური პროცესების ისევ ქუჩაში გადატანას გეგმავს

ციხის კონსულტაციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილება - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური პროცესების ისევ ქუჩაში გადატანას გეგმავს. ექსპრეზიდენტისა და მისი პარტიის გეგმით საუბარია ფართომასშტაბიან აქციებზე, რომელმაც "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წასვლაზე უნდა აიძულოს.

მმართველი გუნდი ნაცნობი სცენარის უკან რევოლუციების სპეციალისტის პიტერ აკერმანის ხელს ხედავს, რომელთანაც 2-დღიანი ტრენინგი ოპოზიციონერებმა და სამოქალაქო სექტორმა გასულ კვირას ბაკურიანში გაიარეს. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია არ მალავს, რომ "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ყველა კონსტიტუციურ მეთოდს გამოიყენებს, მათ შორის მასშტაბურ აქციებს. "ქართული ოცნება" კი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ქვეყანაში ხელისუფლების შესაცვლელად დაანონსებულ აქციებს კიდევ ერთხელ უწოდებს ღალატს.

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ხალხის ფართომასშტაბიანმა მობილიზებამ მთავრობა მმართველობიდან საბოლოოდ უნდა ჩამოაშოროს. გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო მუხტის გასაღვივებლად საკუთარი მომხრეებისთვის მოწოდებას გეგმავს მიხეილ სააკაშვილიც.

ყოფილი სახელისუფლებო პარტიის განახლებულ აქტივობას დღეს საპასუხო კომენტარი მოჰყვა "ქართული ოცნების" მხრიდან. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ოპონენტების ერთადერთი მიზანი მასობრივი არეულობის ფონის შექმნის მცდელობაა - რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

დაიკავებს თუ არა ქუჩის საპროტესტო აქციებში "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით ადგილს "ლელო" - ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხი პარტიაში ჯერ არ აქვთ. თუმცა ამბობენ, რომ მათ მთავარი პოლიტიკური მიზანი - ხელისუფლების არაძალადობრივი გზით შეცვლაა.

"ქართული ოცნების" მმართველობის დასრულებას ძირითად გამოწვევად ასახელებს "სტრატეგია აღმაშენებელიც". პოლიტიკურ ძალაში, რომლის წარმომადგენლებიც ბაკურიანში გამართულ სემინარს ასევე ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ რევოლუციური სცენარი არ განიხილება. პარტიის ლიდერი ამტკიცებს, რომ ოპოზიციიდან ისევ ხელისუფლებაში გადასასვლელად ყველა კონსტიტუციური გზით, მათ შორის პარლამენტში, ყოველდღიურად იბრძვის.

სააკაშვილის ახალ გეგმას მარცხისთვის განწირულს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში. მმართველი გუნდის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, დესტაბილიზაციის მცდელობა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივად შეიძლება შეფასდეს.

როდის დაიწყებს "ნაციონალური მოძრაობა" ქუჩის საპროტესტო აქციებს, ჯერჯერობით, უცნობია. პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ, პატიმარი ექსპრეზიდენტი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს  სასამართლო პროცესზე ისაუბრებს.

დღის ამბები