25 აპრილი 2024,   03:55
ვრცლად
გაუგებრობები აღმოფხვრილია - ბუჩიდან დაბრუნებული ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ქართული მრავალპარტიული დელეგაციის ყველა წევრი ირწმუნება, რომ უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა და გაუგებრობა, რომელიც ორ მეგობარ ქვეყანას შორის იყო აღმოფხვრილია.

ახლა მმართველი გუნდი და ოპოზიცია იმაზე უნდა შეთანხმდეს, კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად. კიევმა რიტორიკა შეცვალა და გასული კვირისგან განსხვავებით, ახლა მოთხოვნის ნაცვლად, თბილისს სთხოვს, შესაძლებლობის ფარგლებში რუსეთს ორმხრივი სანქციები დაუწესოს.

საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე კიევში გამართულ შეხვედრაზე საუბარი რომ შედგა, ამ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ადასტურებს. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ საქართველოდან უკრაინის დედაქალაქში დელეგაციის ვიზიტმა ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში არსებული ყველა გაუგებრობა დღის წესრიგიდან მოხსნა.

პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დელეგაციის შემადგენლობაში ოპოზიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ისინი უკრაინაში ვიზიტს პოზიტიურად აფასებენ. 

საქართველო - უკრაინის ურთიერთობებში არსებული კითხვის ნიშნები ოპოზიციის პროვოკაციული ქმედებების შედეგია მმართველი პარტიისთვის. "ქართული ოცნების" დეპუტატები აცხადებენ, რომ კიევში ჩასვლა ორივე მხარისთვის საჭირო იყო, რადგან შეხვედრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები პოზიტიური კუთხით გადატვირთა. 

საქართველოს დელეგაცია უკრაინის დედაქალაქში მრავალპარტიული შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა მათ შორის არ იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა უკრაინაში გამგზავრება საპარლამენტო დელეგაციის გვერდის ავლით გადაწყვიტეს.

დღის ამბები