უმრავლესობის წევრები "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, მოაწყონ ქვეყანაში ქაოსი, განსაკუთრებით, უკრაინაში ომის ფონზე, ღალატად აფასებენ. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ყოფილი პრეზიდენტის ახალი წამოწყება კრახისთვის არის განწირული.
"გარდა იმისა, რომ არის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა, რომ საზოგადოება ააფორიაქონ და დაძრან სახელისუფლებო სტრუქტურებისაკენ, არის აშკარა ღალატის ნიშნების შემცველი, ვინაიდან ასეთ პერიოდში, როდესაც გამოწვევები აქვს საქართველოს, დესტაბილიზაცია, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა არცერთ ფორმატში და არცერთ შესაძლო პოლიტიკურ განვითარებაში არ უნდა ჯდებოდეს,"-აცხადებს გია ვოლსკი.
დავით მათიკაშვილმა კი "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს "ხელმოცარული" უწოდა და აღნიშნა, რომ მათი "დესტრუქციული მიზნები" მიუღწეველი დარჩება.
"ეს გახლავთ ხელმოცარული პოლიტიკური პარტიის და მათი ხელმოცარული ბელადის, მიხეილ სააკაშვილის აუსრულებელი ოცნება, ქვეყანა წაიყვანოს დესტრუქციის გზით, აქ მოაწყოს ქაოსი, არეულობა, და ქვეყანა არიოს ისევ. ისევე, როგორც მუდამ "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციული მიზნები ფიასკოთი სრულდებოდა, ამ შეუსრულებელ მისიასაც, რა თქმა უნდა, ფიასკო ელოდება,"-აცხადებს დავით მათიკაშვილი.