25 აპრილი 2024,   02:09
ვრცლად
"გაეროს უშიშროების საბჭო აგრძელებს თავის მოკატუნებას, რომ რუსეთი არის სრული და ლეგიტიმური მუდმივი წევრი" - უკრაინის ელჩი გაეროში

უკრაინის ელჩი გაეროს უშიშროების საბჭოს მეტი ეფექტურობისკენ მოუწოდებს. საბჭოს სხდომაზე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი განიხილეს. კიევი მოსკოვისგან მოითხოვს, შესრულდეს გაეროს გენერალური მდივნის მოწოდება ჰუმანიტარული პაუზის შესახებ.

"გმირობისა და გამბედაობის რუსული ინტერპრეტაციაა ასობით შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის მოკვლა, ათობით ქალისა და გოგონას გაუპატიურება და საბოლოოდ გაქცევა უკრაინის ძალებისგან. მარიუპოლში ვითარება ყველაზე კრიტიკული რჩება. მოვუწოდებ უშიშროების საბჭოს, სასწრაფოდ გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება გაეროს წესდების შესაბამისად, რათა გადაარჩინოს მარიუპოლის და სხვა აღმოსავლეთ ქალაქების უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც რჩებიან პუტინის სისხლიანი ომის ფანტაზიების მძევლებად. არ ვაკნინებ უკრაინის დახმარებაში ორმხრივ დონეზე ჩვენი პარტნიორების ერთგულებას, თუმცა, როგორია უშიშროების საბჭოს როლი ამ კუთხით? ორგანოსი, რომელმაც ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო და ახლაც ვერ აჩერებს მას. სამწუხაროდ, აქ ჩვენ განვაგრძობთ მომავალი ომის სასამართლო პროცესის სუბიექტების მოსმენას და მათ წინაშე განცხადებების გაკეთებას. რა მიზეზით?

მტკიცედ მოვუწოდებ უშიშროების საბჭოს, სერიოზულად განიხილოს საკითხი, თუ როგორ უნდა გადაწყვიტოს რუსეთის საეჭვო ყოფნის პრობლემა ამ დარბაზში, რაც აფერხებს საბჭოს ეფექტურობას საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად მისი ძირითადი პასუხისმგებლობის განხორციელებაში. რატომ არ აქვს ამ ორგანოს გავლენა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე? პასუხი აშკარაა, რადგან უშიშროების საბჭო აგრძელებს თავის მოკატუნებას, რომ რუსეთი არის სრული და ლეგიტიმური მუდმივი წევრი. მე ვერ ვხედავ რაიმე მნიშვნელოვან ცვლილებას უშიშროების საბჭოს როლში, თუ პასუხი მალე არ მოიძებნება," - განაცხადა უკრაინის ელჩმა გაეროში სერგეი კისლიცამ.

რუსეთის ელჩი გაეროში, დმიტრი პოლიანსკი კი კვლავ დასავლეთს აკრიტიკებს და უკრაინის მხარდამჭერ განცხადებებს ეგოისტურს უწოდებს.
 
"იძულებული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგების შეშფოთება უკრაინისა და უკრაინელების შესახებ ძალიან მოკლე ხედვისა და ეგოისტური ხასიათისაა. თქვენ საკუთარი ინტერესებზე ფიქრობთ. დასავლეთის ქვეყნებში იარაღის მწარმოებლები მოუთმენლად იფშვნეტენ ხელებს და ითვლიან მოგებას, რომელიც სამხედრო პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნით მიიღეს,"- აცხადებს პოლიანსკი.
 
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში ლინდა ტომას გრინფილდმა კი აღნიშნა, რომ საჭიროა გაერომ გადამწყვეტი როლი ითამაშოს უკრაინელი ლტოლვილებისა და მათი მიმღები ქვეყნების მხარდაჭერის კუთხით.
 
"ყოველდღე მეკითხებიან: არის თუ არა გაერო, თუნდაც უშიშროების საბჭო არარელევანტური ამ კრიზისისთვის? ვიცით, რომ მსოფლიო შეჰყურებს გაეროს და აინტერესებს, როგორ უპასუხებს ის რუსეთის არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. ლტოლვილებისა და მათი მიმღები ქვეყნების მხარდაჭერა არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და სწრაფი გზა, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დახმარების გაწევა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაერომ ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. მოდით ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ როდესაც რუსეთმა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე ცუდი ლტოლვილთა კრიზისის პროვოცირება მოახდინა, უშიშროების საბჭომ და გაეროს დანარჩენმა წევრებმა გააქტიურეს ძალისხმევა და დაეხმარნენ მათ, ვისაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ,"- აცხადებს გრინფილდი.
დღის ამბები