როგორი იქნება "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული ქუჩის ბრძოლის ტაქტიკა - დეტალებზე მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე უნდა ისაუბროს, რომელიც სულ რამდენიმე წუთია დაიწყო. ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ აკერმანის გეგმასა და ხელისუფლების ცვლილებაზე გააკეთებს განცხადებას. ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია საპროტესტო გამოსვლების ორგანიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპირებს. სასამართლოსთან შეკრებილები არიან მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები. სასამართლოს დაწყებამდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ცვლილებების გეგმაზეც გააკეთეს კომენტარი და ოპოზიციის ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ფორმით და ვფიქრობ, რომ ერთობას ამ ყველაფერში არ აქვს ალტერნატივა. სწორედ ეს არის მთავარი გასაღები ხელისუფლების დამარცხების. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პოლიტიკური ძალა შეძლებს იმას, რომ დაჯდეს ერთად და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ბრძოლის ნებისმიერი ეტაპი. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ჩვენ შევძლებთ," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს, რომელიც ვადამდელი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ითვალისწინებს და ასევე გამოყენებული იქნება ისეთი პოლიტიკური მექანიზმები, როგორიცაა ქუჩის აქციები:
"მიხეილ სააკაშვილი ილაპარაკებს საკუთარ ხედვაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ცვლილება, ამისთვის აუცილებელია გაერთიანება ერთი მიზნის ირგვლივ, კოორდინირებული მოქმედება იმ ადამიანების, იმ ჯგუფების, რომელთაც ეს ცვლილება სურს. მათ შორის აქციებით და მანიფესტაციებით ქუჩაში და ყველა სხვა პოლიტიკური მექანიზმის გამოყენებით, იმისთვის რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილება და ეს ცვლილება უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნების გზით," - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.