ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის განცხადებას და ქუჩის აქციების დაანონსებას კრიტიკული განცხადებები მოჰყვა "ქართული ოცნებაში". მმართველ გუნდში ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ.
"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად საქართველოში ქუჩის აქციების დაანონსება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ეს ყველაფერი გამოწვეულია იმ სემინარიდან, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ბაკურიანში ჩატარდა პიტერ აკერმანის მონაწილეობით. მმართველი გუნდის განმარტებით ნებისმიერ შემთხვევაში "ნაცმოძრაობას" მსგავსი ქმედებებით ქვეყანაში დესტრუქციული ფონის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.
"არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ მოვისმენთ გეგმებს, სავარაუდოდ მოვისმენთ მხოლოდ სურვილებს. სურვილების, რომელიც იქნება დესტრუქციული ქმედების განხორციელება. ამას არაფერი საერთო არ ექნება რამე კონკრეტულ გეგმასთან, შეიძლება აიყოლიოს ცალკეული ადამიანები საკუთარ პოლიტიკურ გუნდში და მხარდამჭერებში, შეუერთდნენ ამ სურვილებს, მაგრამ ამას არავითარი საერთო არ ექნება გეგმასთან.
საქართველოში ასეთ დესტრუქციული სურვილების განხორციელებას პერსპექტივა არ აქვს,"-აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაური კი ენმ-ს ახსენებს, რომ აქციებს მათთვის არანაირი შედეგი არ მოუტანია.
"არაფერი არ დარჩენიათ საზოგადოებასთან საურთიერთობოდ გარდა იმისა, რომ ასეთ ხელოვნური სუნთქვის რეჟიმში გადავიდნენ და დაანონსონ რაღაც აქციები. აქციებს არანაირი შედეგი არ მოუტანია მათთვის და მეორე, ეს აქციები არის რამდენიმე ათეული ადამიანით შემოფარგლული და მათ უნდა ესმოდეთ ერთი რამ, რომ დღეს საქართველოს დღის წესრიგში არ არის აქციები, არეულობა და დესტაბილიზაცია," - აცხადებს ალუდა ღუდუშაური.
როგორი იქნება ენმ-ის მიერ ორგანიზებული ქუჩის ბრძოლის ტაქტიკა. დეტალებზე სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე უნდა ისაუბროს, რომელიც სულ რამდენიმე წუთია, რაც დაიწყო. მსჯავრდებული პრეზიდენტი სავარაუდოდ ხელისუფლების ცვლილებაზე და აკერმანის გეგმაზე გააკეთებს განცხადებას.
შეგახსნებთ, პოლიტტექნოლოგიისა და ხავერდოვანი რევოლუციების სპეციალისტის პიტერ აკერმანის სახელს უკავშირდერბა ხელისუფლებების ცვლილება ბოლივიასა და ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აკერმანის მონაწილეობით, ორდღიანი სემინარი ბაკურიანში გასულ კვირას შედგა.