24 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
ემბარგოს დაწესებას რუსეთის ნავთობსა და გაზზე მხარს არ უჭერს ზოგიერთი წევრი ქვეყანა, უნდა მოვახდინოთ ზეგავლენა მათ მოსაზრებაზე - ანდრიუს კუბილიუსი

როგორ მიმდინარეობს რუსეთის წინაღმდეგ დაწესებული სანქციების ხუთი პაკეტის აღსრულება და რა უნდა გააკეთოს ევროპამ, რათა უკრაინას მეტად დაეხმაროს - ევროპარლამენტის საგარეო კომისიის წევრებმა ევროსტრუქტურების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

ევროდეპუტატებს საკმაოდ კრიტიკული გამოსვლები ჰქონდათ. ისინი უკმაყოფილოები არიან, რომ ამ დრომდე რუსულ ენერგომატარებლებზე ემბარგო არ დაწესდა.

ამასთან, ითხოვენ უკრაინისთვის მეტი ლეტალური იარაღის გადაცემას და სანქციების უფრო სწრაფად ამოქმედებას.

"ჩვენ სწორი გადაწყვეტილებები სწრაფად უნდა მივიღოთ. ნავთობის ემბარგო უნდა მოხდეს ახლა და არა შორეულ მომავალში. ამავდროულად აუცილებელია უკრაინას საკმარისად დავეხმაროთ იარაღით. უკრაინამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს ზაფხულამდე," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან რეინჰარდ ბუტიკოფერმა.

"მიუხედავად იმისა, რაც მოხდა უკრაინაში, ჩვენ კვლავ ერთად ვდგავართ. მტკიცედ ვდგავართ რეზოლუციაზე სანქციების დაწესების კუთხით და რეზოლუციაზე იარაღით დახმარების კუთხით, თუმცა ემბარგოს დაწესებას ნავთობსა და გაზზე მხარს არ უჭერს ზოგიერთი წევრი ქვეყანა. სიმართლე გითხრათ, არ მესმის მათი ამ პოზიციის. ჩვენ, როგორც ევროპარლამენტმა, უნდა მოვახდინოთ ზეგავლენა მათ მოსაზრებაზე. ეს აუცილებელია, რომ ჩვენი პოლიტიკის რეალიზება მოხდეს. უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და გადავჭრათ ეს საკითხი," - აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიეტუვადან ანდრიუს კუბილიუსმა.

"56-ე დღეა რუსეთის სისხლიანი ომი გრძელდება. ბუჩას კადრებმა ყველა სახის მოლაპარაკების პროცესი უკან გადაწია. ახალა საკითხი დგას იმაზე, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული ღირებულებები. ეს ეგზისტენციური ომია არა უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის. ამიტომ აუცილებელია უკრაინას დავეხმაროთ ყველაფრით, რაც მას სჭირდება. მე მსურს საბჭოსაგან დავინახო ეს მონდომება. მსურს შევაქო ისინი, ვინც ეს უკვე გააკეთა. ჩვენ სანქციების საკითხი მეტად სერიოზულად უნდა მივიღოთ. გთხოვთ შეუდგეთ საქმეს რომლის შესრულებისთვის დიდი დრო უკვე დაკარგეთ," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა ნიდერლანდებიდან თაის რეუტენმა.

დღის ამბები