20 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
"ერთადერთი, რაც ხალხმა შეიძლება იზეიმოს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა იქნება" - პარტიები ენმ-ის ინიციატივას აფასებენ

ამ დრომდე უცნობია, როდის შეეცდება "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანას. ოპოზიციის ნაწილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ისინი აქციების ორგანიზებასა და ე.წ სახალხო ზეიმში ჩართვას "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არ აპირებენ და თვლიან, რომ საზოგადოებისთვის ტყუილი იმედების მიცემა ოპოზიციას მნიშვნელოვნად აზიანებს. მიუხედავად ამისა, ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ორი წლის წინ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტებას ქვეყნის ყველა ქალაქში ეროვნულ ამოცანად მოიხსენიებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, ეს იქნება ბრძოლა არა პარტიული, არამედ ეროვნული მიზნებისა და ამოცანებისათვის.

"იმისთვის, რომ არ გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები, იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური სიტუაცია, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს თავსებადი ევროკავშირთან და თავსებადი იმასთან, რომ მიიღოს ეს ისტორიული გამოწვევა და გამოიყენოს შანსი, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ აქციებსაც, ჩვენ ვგეგმავთ პროტესტსაც. ეს არ არის არც პარტიული ამოცანა და არც ზოგადად ოპოზიციური ამოცანა. ეს არის საერთო ეროვნული ამოცანა და ამ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად ყველანი უნდა დავირაზმოთ,"- აცხადებს ობოლაძე.

”სტრატეგია აღმაშენებელის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეერთებას არ აპირებენ, თუმცა პროტესტის წინააღმდეგი არ არიან.

"ნაციონალურ მოძრაობასთან შეერთებას არ ვაპირებთ. აქციებიც და პროტესტიც, ეს არის კონსტიტუციური უფლება და თქვენ იცით რომ "სტრატეგია აღმაშენებელს" არასდროს ამ პროტესტის ან ე.წ ქუჩის აქციების დროს, თუ ეს თანხვედრაში მოდის იმ მოთხოვნებთან რომლებსაც ჩვენ ვაყენებთ," - აცხადებს ჩიხლაძე.

"გირჩის" წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ახლა ქვეყანაში საზეიმო ვითარება ნამდვილად არაა, ხოლო ერთადერთი, რაც ხალხმა შეიძლება იზეიმოს, ეს "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა იქნება.

"ახლა არც ქვეყანაშია საზეიმო მდგომარეობა, არც სამყაროშია საზეიმო მდგომარეობა, არც "ნაციონალური მოძრაობის" თავს არის საზეიმო მდგომარეობა. მე მგონია, რომ თუ რაღაც უნდა იზეიმოს ხალხმა და "ნაციონალურმა მოძრაობამაც", არის, რომ რომ თუ ასეთ შეკრებაზე გამოაცხადებენ "ნაციონალური მოძრაობის" დაშლის შესახებ - ეს ყველასთვის კარგია," - აცხადებს ხვიჩია.

დღის ამბები