24 აპრილი 2024,   07:04
ვრცლად
რამ განაპირობა Freedom House-ის დასკვნა - ანგარიშს უკვე მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები

Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს, სადაც საუბარია, რომ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირებულია, უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის შეფასებით, მსგავსი დასკვნა უკანგადადგმული ნაბიჯია.

"ის რაც წლევანდელ ანგარიშში არის მოცემული, მე ამას დავარქმევდი უკუსვლას. ეს არის იმდენად დიდი და საშიში ნაბიჯები უკან, რომ ძალიან მძიმე შეფასებები მოჰყვა ამას Freedom House-ის ანგარიშში. არანაკლებ მძიმე შეფასებები ჩვენ გვინახავს ევროპარლამენტის დაკვეთით მომზადებულ კვლევაში," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

პარტია "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის შეფასებით, ბოლო პერიოდში, ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის მიმართულებით ვითარება გაუარესდა. მაგალითისთვის, მან 19 აპრილის, შარლ მიშელის შეთანხმების გაუქმება დაასახელა.

რაც შეეხება "გირჩს", იაგო ხვიჩიას თქმით, ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშზე რომც არ ეწეროს, მისი შეფასებით, ქვეყანაში რომ დემოკრატია რომ უარესდება მოსახლეობისთვის ისედაც ცხადია. მისივე თქმით, ამ ვითარების გამოსასწორებლად აუცილებელია პოლიტიკურმა სპექტრმა ევროკავშირის წევრობის კითხვარი შინაარსობრივად სწორად უნდა შეავსოს.

"ქართული ოცნების" წევრი ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, ის, რომ Freedom House-ის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებელი" ერთი საფეხურით შემცირებულია, მთლიან სურათს არ ცვლის.

მისი თქმით, პანდემიის დროს სახელმწიფოებს მთელი რიგი შეზღუდვების დაწესება მოუწიათ, რამაც დასკვნაზე გავლენა მოახდინა.

"რამდენიმე საფეხურით და, ამ შემთხვევაში, ერთი საფეხურით ქვევით დაწევა, ეს დიდად სურათს არ ცვლის. საქართველო ერთი საფეხურით არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული, მოწინავე ქვეყნები არიან და რამდენიმე საფეხურით არის მათთან დემოკრატიის ინდექსი ქვევით დაწევა. ეს განპირობებულია, დიდწილად, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე. მთელი რიგი შეზღუდვები, რომელიც დააწესეს სახელმწიფოებმა და ეს იყო ადამიანის ზოგიერთი უფლების შეზღუდვა," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა. 

დღის ამბები